იტალიის ქალაქ გრადოში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ორი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. ანა ტატიშვილმა ეს უფლება პირველმა მოიპოვა, შემდეგ კი მას ოქსანა კალაშნიკოვაც შეუერთდა.
მე-7 ნომრად განთესილმა კალაშნიკოვამ საწყის რაუნდში სლოვაკ იანა ჩეპელოვას 6:3, 7:5 სძლია და ახლა, სერბ ანა იოვანოვიჩს დაუპირისპირდება, მე-6 რეიტინგის მქონე ტატიშვილი კი ამერიკელ ჯულია კოენს ეთამაშება.
ანა წარმატებით ასპარეზობს წყვილთა ტურნირშიც, სადაც ავსტრალიელ მურთან ერთად მე-2 ნომრით ასპარეზობს. ქართულ-ავსტრალიურლმა დუეტმა რუსულ-იტალიური ტანდემი (ბოვინა-ფლორისი) 7:6 (7:1), 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალში ჩინურ წყვილს (ჰანი-ლუ, მე-4 განთესვა) გაეჯიბრება.
თურქეთის ქალაქ იზმირში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ასევე ნახევარფინალშია გასული სოფო ქვაცაბაიასა და მანანა შაფაქიძის დუეტი, რომელმაც მე-3 ნომრად განთესილ იტალიურ წყვილს (გატო-მონტიკონე/კუერსია) 6:1, 6:2 სძლია.
ნახევარფინალში ქართველი გოგონები ბრაზილიელ ალვეშსა და ავსტრიელ პაშეკს გაეჯიბრებიან, რომელთაც პირველ წრეში მე-2 ნომრად განთესილ გორგოძესა და შაფათავას სძლიეს.







