ფეხბურთი

13:26 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ საგოლე პასი მიითვალა, არველაძის მოუგებელი სერია გრძელდება

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის 22-ე ტურში, “როსტოვმა”, რომლის ღირსებასაც ჯანო ანანიძე იცავს, თავის მოედანზე პერმის “ამკართან” უხვგოლიანი ფრე 3:3 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 49-ე წუთზე “როსტოვი” 1:3 აგებდა და ანგარიში 90-ე წუთზე გაათანაბრა. ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. მე-18 წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ, ქართველი შემტევი ნახევარმცველის პასით ტიმოფეი კალაჩიოვმა ანგარიში გაათანაბრა. როსტოველებს 29 ქულა აქვთ და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილი უკავიათ.

თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში, “ქასიმფაშამ”, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, სტუმრად “ტრაბზონსფორთან” 0:0 ითამაშა. არველაძეს ფეხბურთელობისას “ტრაბზონსფორში” არაერთი სეზონი გაუტარებია და დღემდე ამ გუნდის ლეგენდად რჩება. “ქასიმფაშას”, რომელსაც უკვე მერამდენე ტურია არ მოუგია, 18 გუნდში 36 ქულით მე-5 პოზიცია უკავია.

ლიტვის A  ლიგის მე-3 ტურში, “თრაკაიმ”, სადაც ბესიკ ამაშუკელი გამოდის, სტუმრად ვილნიუსის “ჟალგირისთან 1:1 ითამაშა. 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 3 ტურის შემდეგ, “თრაკაი” 10 გუნდში 4 ქულით მე-5 ადგილზეა.  

საფრანგეთის ნაციონალ ლიგის (მე-3 ლიგა) 25-ე ტურში, გათამაშების ლიდერმა “ლუზენაკმა”, რომელშიც ამირან სანაია ირჯება, შინ “სტრასბურგს” 2:1 მოუგო. ქართველმა მარცხენა მცველმა თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ლუზენაკი” 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა 51 ქულით.


0.117664