ჯანო ანანიძის "როსტოვმა" რუსეთის პრემიერლიგა გამარჯვებით დაიწყო. როსტოველები შინ 0:1-ს აგებდნენ "ტერეკთან", მაგრამ 89-ე წუთზე არტიომ ძიუბამ პენალტით გაათანაბრა და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ისევ ძიუბამ შეაგდო თავურით. მეორე გოლი სწორედ ჯანოს ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა.
ქართველი ნახევარმცველი მე-60 წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ანგარიში ჯერაც 0:0 იყო. გეცოდინებათ, ანანიძის მსგავსად, ძიუბაც "სპარტაკიდან" გადავიდა როსტოვულ გუნდში განათხოვრებით.
დუბლის ავტორმა თავისი მეგობარი და თანაგუნდელი შეაქო: "ჯანომ ისეთი ჩააწოდა, რომ ბურთისთვის მხოლოდ თავის დახვედრებაღა იყო საჭირო".