ფეხბურთი

15:41 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე რუსულ პრემიერლიგაში ყველაზე ზუსტია

ჯანო ანანიძე “სოვეტსკი სპორტის” მიერ დასახელებულ რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის საუკეთეს ფლეიმეიქერებს შორის პროცენტულად ყველაზე ზუსტი გადაცემებით გამოირჩევა. ექვსკაციან ჩამონათვალში საგოლე პასების რაოდენობით “როსტოვის” შემტევი ნახევარმცველი მეოთხეა.

მიმდინარე სეზონში, ანანიძემ რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 7 საგოლე პასი მიითვალა. მან მოედანზე 1478 წუთი გაატარა და მის მიერ შესრულებულ გადაცემათა სიზუსტე 80 პროცენტია. ქართველი ფეხბურთელი საგოლე პასს ყოველ 211 წუთში აკეთებდა.

“ამ ჩამონათვალში ჯანოს გადაცემათა საუკეთესო სიზუსტე აქვს. თუმცა, მინიატურული ნახევარმცველის განსაკუთრებულობა მხოლოდ ეს არაა. ანანიძე ერთადერთია, რომელსაც ჰყავს ძირითადი ადრესატი, ვისაც ყველაზე მეტ პასს აძლევს. რა თქმა უნდა, საუბარია არტიომ ძიუბაზე. “პატარა პირლომ”, როგორც არტიომი თავის მეგობარს ეძახის, თავდამსხმელს ოთხი საგოლე პასი გაუკეთა ე.ი ნახევარზე მეტი. აი, მართლაც კაშკაშა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, შედეგიანი ტანდემია. სხვათა შორის, ჯანოს შვიდი საგოლე გადაცემა იმდენივეა, რამდენიც კოსტამ და ხურადომ “სპარტაკში” ერთად გააკეთეს” – იუწყება “სოვეტსკი სპორტი” ანანიძის შესახებ.

რუსული გამოცემის 6-კაციან ჩამონათვალში, ანანიძის გარდა მოხვდნენ: იველინ პოპოვი (“ყუბანი”, 9 საგოლე გადაცემა), მიგელ დანი (“ზენიტი”, 8), ალექსანდრ სამედოვი (“ლოკომოტივი”, 8), ჟოაზინიო (“კრასნოდარი”, 7), რომან შიროკოვი (“კრასნოდარი”, 6).

0.126965