ჩოგბურთი

1:39 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანა ტატიშვილი: “ხშირ შემთხვევაში, საქართველოს სპორტული ხელმძღვანელობისგან დამცირებას ვგრძნობდი”

“სამწუხაროდ, ჩემი ქვეყნისგან საჭირო მხარდაჭერა და დახმარება არ მქონია”


ანა ტატიშვილმა, რომელმაც აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო, ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორტზე საქართველოს სახელით აღარ გავა. ტატიშვილის განცხადებას, რომელიც მის “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნდა, უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემო საყვარელო მეგობრებო და გულშემატკივრებო! მინდა გითხრათ, რომ ამერიკის მოქალაქეობა მივიღე და გადავწყვიტე საჩოგბურთო ტურნირებში ამერიკის სახელით გამოსვლა.

ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ძალიან ძნელი, მეტიც, მტკივნეული იყო რადგან სულით და გულით ქართველი ვარ.

მიუხედავად სირთულეებისა ბოლომდე ვეცადე ჩემი ქვეყნის სახელი შეძლებისდაგვარად კარგად წარმომედგინა – მეამაყებოდა, როდესაც ჩემი გვარის გასწვრივ Georgia ეწერა. თუმცა, მოვლენათა მსვლელობამ ეს უკვე შეუძლებელი გახადა.

ჩოგბურთი რთული და ძვირადღირებული სპორტია. ესაჭიროება კარგი სავარჯიშო პირობები, მწვრთნელები, სპარინგი. ეს აუცილებელია თამაშის მუდმივი სრულყოფისათვის და ტრავმების თავიდან ასაცილებლად.

მთელი წელი ვმოგზაურობ და მწვრთნელთა მთელი გუნდი თან უნდა მახლდეს. პირველ ასეულში, მე მგონი, ერთადერთი მოთამაშე ვიყავი, რომელსაც მწრვთნელთა გუნდი თან არ დაყვებოდა. მამაჩემს უწევდა ყველა ფუნქციის შესრულება.

არსებული ფინანსური მდგომარეობით, მარტო მე და ჩემი ოჯახი ვერ ვაკმაყოფილებთ ჩემი ჩოგბურთის განვითარების მოთხოვნილობებს.

სამწუხაროდ, მე ჩემი ქვეყნისგან არ მქონია საჭირო მხარდაჭერა და დახმარება. მხოლოდ 2010-2012 წლებში ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩოგბურთისათვის მცირე დახმარება გამიწია.

მესმის, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა არაა, მაგრამ უყურადღებობის მიზეზი მაინც გულგრილობა მგონია – ხშირ შემთხვევაში ვგრძნობდი დამცირებას საქართველოს სპორტული ხელმძღვანელობისგან.

ბოლოს საქართველოს ჩოგბურთის ხელმძღვანელობას ველაპარაკე ერთი წლის წინ და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა – თუ რა ესაჭიროება ჩემს საჩოგბურთო კარიერას.

მინიმალური საჭიროება ერთი მწვრთნელის ხარჯების გადასახადი იყო. ტრავმა მქონდა – ფეხზე სამი მყესი მქონდა გაწყვეტილი. საგონებელში ვიყავი. ცხადია, ისიც ვუთხარი, რომ საქართველო თუ ვერ დამეხმარებოდა, მაშინ სხვა გზებით მომიწევდა პრობლემებიდან თავის დაღწევა.

სამწუხაროდ ჩემი ქვეყანა ვერანაირად ვერ დამეხმარა – ერთხელაც არ დამიკავშირდნენ. ამ პირობებში შეუძლებელი ხდებოდა საჩოგბურთო კარიერის გაგრძელება, თან, წელსაც ტრავმით დავიწყე სეზონი – ისევ ფეხის მყესი დავიზიანე და ერთ თვეზე მეტია ვერ ვვარჯიშობ. ასეთ პირობებში იძულებული გავხდი გამოვიდე ამერიკის სახელით. მჯერა, ყველანაირად უკეთესი პირობები მექნება რაც დაეხმარება ჩემ საჩოგბურთო კარიერას.

ერთადერთ მუდმივ ადამიანურ ყურადღებას საქართველოს საჩოგბურთო ხელმღვანელობიდან მხოლოდ ლალი ზერეკიძესაგან და ემზარი ზეინიშვილისაგან ვგრძნობდი, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ.

წლებია მქონდა შემოთავაზებები, რომ წარმომედგინა სხვა ქვეყნები (ამერიკა, ყაზახეთი...), მაგრამ სანამ საშუალება მქონდა, ამას არ ვაკეთებდი.

ოთხი წლიდან ამ სპორტით ვარ დაკავებული, ცხოვრება ჩოგბურთს მივუძღვენი – ყოველდღიურად ვშრომობ, მთელი ჩემი კონცენტრაცია ჩოგბურთზეა, ბევრი რამ დავიკელი, ბევრზე საერთოდ უარი ვთქვი და მინდა, რომ შრომა დამიფასდეს, მივაღწიო ჩემ მიზნებს.

სულით ქართველი ვრჩები და იცოდეთ, რომ ჩემი გამარჯვება ქართული სულის და გენის გამარჯვება იქნება. თან, იქნებ დაფიქრდნენ სპორტის მესვეურები საქართველოში და გულით მოეკიდნონ მომავალ თაობებს.

მინდა გადაგიხადოთ უდიდესი მადლობა წლების განმავლობაში გულშემატკივრობისათვის და მუდმივი თანადგომისათვის. იმედი მაქვს, თქვენგან სითბო მომავალშიც არ მომაკლდება. ძალიან მიყვარხართ ჩემო გულშემატკივრებო. ასევე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველოც – მე ყოველთვის ქართველი ვიქნები”.

 

სიყვარულით, ანა ტატიშვილი

0.124941