მსოფლიო რეიტინგის მე-13-ე ჩოგანი, სერბი ანა ივანოვიჩი ნაადრევად გამოეთიშა ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსს. მესამე რაუნდში მან სამ სეტში წააგო 22 წლის გერმანელ მონა ბარტელთან - 1:6, 6:3, 0:6.
პირველი სეტის უშანსოდ წაგების შემდეგ, ანამ მობილიზება მოახერხა და მეორე პარტია მოიგო, თუმცა გადამწყვეტ, მესამე სეტში ახალგაზრდა გერმანელმა სახელოვან მეტოქეს წარმატებაზე ფიქრის შანსი არ დაუტოვა და მშრალი ანგარიშით გაანადგურა. მატჩი 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბარტელმა ხუთჯერ დააბრეიკა მეტოქე, საკუთარი მოწოდება კი მხოლოდ ერთხელ დათმო. მონას ანგარიშზე 3 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ხოლო სერბმა 2 ეისის წილ 5 ორმაგი დაუშვა. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა გერმანელის სასარგებლოდ.
ტურნირის მეოთხე წრეში ბარტელი ავსტრალიელ სამანტა სტოსურს დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, ასპარეზობიდან ჩინელი შუაი პენი დაითხოვა - 6:3, 3:6, 6:2.







