საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მომავალ უქმეებზე ამსტერდამში გავა ტატამზე. ჰოლანდია ერთ-ერთ მაღალრეიტინგიან ტურნირს - დიდ პრიზს უმასპინძლებს, პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილი გუნდი კი, 10-კაციანი შემადგენლობით იჭიდავებს. პარალელურად, ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა შორისაც გამოვლინდებიან, მაგრამ ქართველთა გარეშე.
განაცხადები უკვე ქალებშიც და კაცებშიც სრულად შეივსო, წილისყრაც შედგა და საქართველოს ნაკრების წევრთა მეტოქეებიც ცნობილია.
ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს – 19 ნოემბერს, მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 60 კილოგრამში, საქმეში ქართველ ძიუდოისტთაგან ყველაზე მაღალრეიტინგიანი, მსოფლიოს მე-7 ნომერი, ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ჩაერთვება, 66-ში, ზაიზენბახერმა ტრავმირებული მთავარი კანდიდატის, შალვა ქარდავას არყოფნაში, არჩევანი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილზე შეაჩერა, ხოლო 73-ში, ოლიმპიურ ქვოტასთან შედარებით ახლოს მდგომ შეგირდებს - ნუგზარ ტატალაშვილსა და თენგიზ პაპოშვილს მისცემს შანსს.
პაპინაშვილი დიდ პრიზს დომინიკელ ვანდერ მატეოსთან შეხვედრით გახსნის, მოგების შემთხვევაში კი, მერვედფინალში, ფინელი ვალტერი იოკინენისა და ამერიკელი ნიკოლას კოსორის წყვილიდან გასულს დაუპირისპირდება. ამავე ბადეში მოხვდა შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი ქართველი ვარსკვლავი, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაია. მისი და პაპინაშვილის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.
შავდათუაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-17 ადგილოსანს, უკრაინელ სერგეი დრებოტს დაეჭიდება. მერვედფინალში კი ამ წყვილიდან გასული, სავარაუდოდ, პოლონელ პაველ ზაგროდნიკს შეხვდება. თუ ორი ბარიერი დაძლია, შავდათუაშვილის მეტოქე ალბათ სლოვენიელი როკ დრაკშიჩი იქნება.
73 კილოგრამში მოჭიდავე ქართველებს წილისყრაში აშკარად არ გაუმართლათ. ტატალაშვილი ტურნირს მონღოლ ოდაიარ განბაატართან შეხვედრით გახსნის, ამ წყვილიდან გასულს მორიგ მეტოქედ გერმანელი კრისტოფერ ფიოლკი ელის, პაპოშვილისა და სერბ მილოშ მიხალკოვიჩს შორის უძლიერესს კი - პოლონელი კრჟიშტოფ ვილკომირსკი.
20 ნოემბერს სამეულები დარჩენილ ოთხ წონაში დაინომრება. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) სერბ მიროიჯუბ ივეზიჩს შეხვდება, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) – ყაზახ ალექსანდრ კასაჩევს, ირაკლი ცირეკიძე (100 კგ) – ლატვიელ ვიქტორ რეშკოს, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) – ჰოლანდიელ ბერენდ როორდას, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) – რუს ანდრეი ვოლკოვს, ხოლო ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) – პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს.
შეგახსენებთ, ამსტერდამის დიდი პრიზის ჩემპიონები 200 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებენ. ვერცხლის პრიზიორები – 120-ს, ბრინჯაოსნები 80-ს, მე-5 ადგილზე გასულები – 40-ს. მთლად უქულოდ არც წინასწარ ეტაპზევე წაგებულები დარჩებიან.
ოთარ მაღლაკელიძე







