გულშემატკივრის სვეტი

10:01 | 23.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

ამოუცნობი “ინტერი”

მილანის “ინტერნაციონალე” ის კლუბია, რომელიც ლამის დაარსების დღიდანვე გრანდად იქცა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის სახედ და სიმბოლოდ კი ვერა და ვერ დამკვიდრდა. “ინტერის” მართლაც რომ ბრწყინვალე საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში, ამ კლუბმა “სკუადრა აძურას” და არამხოლოდ მას, უამრავი მეგავარსკვლავი გაუზარდა. ამ კლუბში არაერთი დიდებული მწვრთნელი და გონიერი საფეხბურთო ფუნქციონერი მოღვაწეობდა, მაგრამ როდესაც საუბრობენ იმაზე, თუ რომელი კლუბია იტალიის სახე და სიმბოლო, უპირველესად “ინტერის” ორ “მოსისხლეს” - “მილანსა” და “იუვენტუსს” ასახელებენ.
საეჭვოა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ კონკურენტების ტიტულების რაოდენობრივი უპირატესობა იყოს. რა თქმა უნდა, მყარი და უტყუარი ფაქტია ის, რომ “იუვე” სკუდეტოების, ხოლო “მილანი” ევროტიტულების რაოდენობით, “ინტერს” უსწრებენ, მაგრამ განა “ინტერნაციონალეს” ტიტულები და მათი რაოდენობა, უბრალო და არაფრისმომცემია? 17 სკუდეტო, 5 იტალიის თასი, 4 იტალიის სუპერთასი, 2 ევროპის ჩემპიონთა თასი, 3 უეფას თასი და 2 საკონტინენტთაშორისო თასი, ის მიღწევებია, რომელზედაც არაერთი ევროპული გრანდი იოცნებებდა, მაგრამ მოდით ვიხმაროთ ტერმინი: “ეროვნულ” კლუბად “ინტერი” მაინც ვერ იქცა. მხცოვანი იტალიელი საფეხბურთო მიმომხილველი - ჯოვანი ფეჯიოლი ამბობს: “მთლიანობაში, “ინტერი” მაინც “უცხო სხეულად” აღიქმება იტალიურ საფეხბურთო წრეებში და “ინტერი”, როგორც ინტერნაციონალიზმისა და ეთნიკური თანასწორობის სიმბოლო, მაინც ვერ აღწევს ათასი “იზმებით” ტვინგამოტენილი იტალიელი ქომაგების გულამდე”.
სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, იტალიის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი ქომაგი “იუვენტუსს” ჰყავს, შემდეგ “მილანის”, “რომასა” და თქვენ წარმოიდგინეთ, “ნაპოლის” ქომაგები მოდიან. თუმცა, “ნაპოლის” მრავალფანიანობა ნამდვილად არ უნდა იყოს გასაკვირი, თუკი კუნძულების გარდა, მატერიკზე მცხოვრები ნეაპოლიტანელების დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ.
რაც შეეხება “ინტერს”, იტალიის მასშტაბით ამ კლუბის ქომაგობა რაოდენობრივად დაახლოებით იმდენია, რამდენიც ტიტულებით არასდროს გამორჩეული “რომასი” და ეს მაშინ, როდესაც მილანური კლუბი წლიდან წლამდე ფინანსურად ძლიერდება და ბოლო წლებში მიღწეული საშინაო წარმატებებით, აპენინებზე უდავო ჰეგემონად გვევლინება. გარდა ამისა, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მწვრთნელისა და პრეზიდენტის ტანდემიც “ინტერს” ჰყავს და მოკლედ რომ ვთქვათ, ამ კლუბს ყველა წინაპირობა გააჩნია იმისათვის, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მაინც გახდეს უპირველესი, არამხოლოდ მოპოვებული ტიტულებითა და მოხვეჭილ-გაფლანგული მილიონებით. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არამხოლოდ ძალიან ძნელი ამბავია, თუმცა ვინ იცის...
ეს ყველაფერი ყველაზე ნათლად მაინც “ჯუზეპე მეაცას” ტრიბუნებზე ჩანს. როდესაც “ინტერი” შიდა პირველობაზე რომელიმე, თუნდაც უსუსტეს მეტოქეს ხვდება, მილანელების მოწინააღმდეგეთა ტრიბუნებზე “მილანის” ტრადიციული შავ-წითელი დროშების გარდა, რომელი კლუბის როგორი ფერის დროშას არ დალანდავთ. ერთმანეთზე ძაღლი-კატასავით გადაკიდებული “რომასა” და “ლაციოს” ტიფოზებიც კი, ძველი ძმადნაფიცებივით სხდებიან ტრიბუნაზე და “ინტერის” წინააღმდეგ მოთამაშე კლუბს ყელის ძარღვების დაწყვეტამდე გულშემატკივრობენ.
იტალიაში მრავალკლუბმოვლილი არგენტინელი ერნან კრესპო აკი ამბობს კიდეც: “როდესაც “ინტერის” მაისური გაცვია, მოწინააღმდეგეთა მცველები განსაკუთრებული მონდომებითა და ძალისხმევით გებრძვიან. თავდამსხმელისთვის, სხვა არც ერთი კლუბის მაისურით თამაში არ არის ისეთი რთული, როგორც “ინტერის” ფორმით. ეს კლუბი სხვა გუნდების ქომაგებს განსაკუთრებულად არ უყვართ”.
კრესპოს შეხედულებას სხვა ბევრი ფეხბურთელიც იზიარებს.
ჩვენს მიერ უკვე ნახსენები ჯოვანი ფეჯიოლი როგორც თავად ნახეთ, აპენინზე “ინტერის” ასეთ ნაკლებად პოპულარობის მიზეზებს, უპირველესად, ამ კლუბის განსაკუთრებულ მრავალეთნიკურობაში და იდეის დონეზე აყვანილ ინტერნეციონალიზმში ხედავს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ბენიტო მუსოლინის რეჟიმის დასამარების შემდეგ, იტალიაში შესაძლებელია ფაშიზმი კიდევ არსებობდეს და არ გვსურს დავიჯეროთ, რომ ნეოფაშისტური განწყობები, რაც უპირველესად მრავალეთნიკურობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს, ამ ქვეყანაში საფეხბურთო კუთხით გამოიხატება. ეს ყველაფერი, იმედია, მხოლოდ ვარაუდებია და მეტი არაფერი. და ერთიცაა – საფეხბურთო კლუბი “ინტერნაციონალე” იტალიაში ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისთაგანია, რომლის გულშემატკივრების მხრიდან რასისტული გამოხდომები თითქმის არასოდეს დაფიქსირებულა. თანამედროვე მსოფლიოში, ეს მართლაც რომ ბევრს ნიშნავს...

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091841