ფეხბურთი

21:48 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილის გოლი, იაშვილის გოლი და საგოლე

რობერტო კარლოსი - არველაძე 1:2


რუსულ პრემიერლიგაში ალეკო ამისულაშვილმა გოლი გაიტანა. მისმა “კრილიამ” შინ 1:1 ითამაშა “ურალთან”, ქართველმა მცველმა კი მე-18 წუთზე გამოიჩინა თავი, რითაც სტუმართა სწრაფ გოლს უპასუხა. ამისულაშვილმა თავდამსხმელის სტილში, ცარიელ კართან დასწრებაზე ითამაშა და სამიოდე მეტრიდან დარტყმით გაათანაბრა. ალეკომ შეუცვლელად ითამაშა და ცნობისთვის, ეს მისი პირველი გოლია სამარული გუნდის მაისურით. “კრილია” მე-11 ადგილზეა.

“ურალის” შემადგენლობაში კი, ლაშა გვალია ვერ ითამაშებდა, რადგან მას ისევ პრობლემას უქმნიან რუსეთის ვიზასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “ურალის” პრეზიდენტმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქმე გამოსწორდება. დრო კი გადის.    

იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” შინ 3:1 სძლია “პადოვას” და 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ირაკლი შეყილაძე მინდორზე არ გამოჩენილა, ლევან მჭედლიძე კი 70-ეზე შევიდა და ემპოლელებმა ბოლო 7 წუთში მიითვალეს ორი გოლი. მართალია, ქართველ ფორვარდს არ გაუტანია, მაგრამ აქტიური იყო და შეტევებს სიმწვავე შემატა. ერთ მომენტში სამი კაცი მოატყუა, ხოლო ერთხელ საგოლე შანსიც ჰქონდა და მეკარემ აუღო.

აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს “ინტერმა” დერბიში 2:2 ითამაშა “ბაკისთან”. ალექსანდრე იაშვილმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა: ჯერ თავად 30-ე წუთზე ზუსტი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 86-ე წუთზე შპილიჩს გაუწია ასისტენტობა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა - 2:2. ცნობისთვის, “იაშკამ” პირველი გოლი ჩაიწერა აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში. 

იაშვილის გარდა, ქართველთაგან სასტარტოში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძეც. “ინტერი” ბოლოსწინა ადგილზეა - 7 მატჩში 4 ქულა აქვს.

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა “სიმურგმა” ნიკა გელაშვილის “ყარაბაღს” დააკარგვინა ქულებიც და ლიდერობაც. მატჩი 0:0 დასრულდა და გელაშვილის გუნდს “გაბალამ” გადაასწრო ერთი ქულით. ნიკა სასტარტოში არ გახლდათ და შესვენების შემდეგ შეიყვანეს. რაც შეეხება “სიმურგს”, გუნდი მეხუთე პოზიციაზეა.

სამხრეთ აფრიკაში გია ნერგაძის “მოროკა სვალოუსმა” შინ ვერ მოუგო “მარიტცბურგს” (1:1). ნერგაძის გუნდი ლიდერია, თუმცა მდევრებს თამაშით ნაკლები აქვთ და მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან. იქ ჯერ მეექვსე ტურია. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

და კიდევ, თურქეთში შოთა არველაძის “ქასიმფაშამ” გასვლაზე 2:1 აჯობა “სივასპორს” და მეხუთე ადგილზეა. შეხსენებისთვის, “სივასპორს” ლეგენდარული ბრაზილიელი რობერტო კარლოსი წვრთნის. შოთასა და კარლოსის გუნდების დაპირისპირება თვენახევრის წინ, ამხანაგურშიც შედგა და “ქასიმფაშამ” მაშინ 3:0 სძლია მეტოქეს.

0.149945