სამარას “კრილია სოვეტოვმა”, სადაც ალექსანდრე ამისულაშვილი ასპარეზობს, ჰონგ კონგის მინი-ტურნირზე, რომლის სახელწოდებაცაა “მთვარის თასი” მე-3 ადგილი დაიკავა.
რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდმა “ტოკიო” 1:0 დაამარცხა, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ქართველი მცველი 71-ე წუთზე შეცვალეს.
თამაშის შემდეგ, ამისულაშვილმა სამარელთა ოფიციალური ვებგვერდის კითხვებს უპასუხა.
- გულწრფელად რომ ითქვას, “მთვარის თასზე” მესამე ადგილისთვის მიღებული მედალი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ჯილდო არაა. ამის მიუხედავად, ბოლოს რაიმე ჯილდო როდის მიიღეთ გახსოვთ?
-რა თქმა უნდა, მახსოვს, მაგრამ ეს დიდი ხნის წინათს იყო. საქართველოში რომ ვთამაშობდი, ჩემპიონიც გავხდი და თასიც მოვიგე. მართალი გითხრათ, ის შეგრძნება რაც რომელიმე ტურნირის მოგების დროს გაქვს მაკლია. იქნებ, ასეთ რამ “კრილიასთან” ერთად ოდესმე გამოვცადო?
- განვლილ მატჩში მოგება აუცილებლად გინდოდათ?
- ცხადია. ნახევარფინალში წაგებისთვის რეაბილიტაცია რაიმე ფორმით ხომ უნდა მოგვეხდინა.
- გამარჯვება რის ხარჯზე მოახერხეთ?
- მეტოქე საფუძვლიანად შევისწავლეთ და სათამაშო სქემა “ტოკიოს” ტაქტიკიდან გამომდინარე შევიმუშავეთ. საბოლოოდ, ამ სქემის რეალიზება შევძელით.
აქვე გეტყვით, რომ თურქეთში შეკრებაზე მყოფმა მახაჩყალის “ანჟიმ”, რომელშიც გია გრიგალავა გამოდის, ამხანაგურ მატჩში სერბული “ტიმოკი” 5:0 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა სრულად ითამაშა.