რუსულ პრემიერლიგაში "კრილიამ" შინ 1:1 ითამაშა "ანჟისთან". გია გრიგალავა სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ, ალეკო ამისულაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამისულაშვილს ხშირად უწევდა მრისხანე სამეულ ეტოოსთან ჭიდილი და კარგადაც გაართვა თავი - ერთხელ აშკარა გოლს გადაარჩინა თავისიანები.
მართალია, კამერუნელმა თავისი მაინც გაიტანა, მაგრამ იმ ეპიზოდში ამისულაშვილის ბრალი არ იყო. "კრილიას" სამ ტურში 1 ქულა აქვს.
"როსტოვმა" 3:0 სძლია "ტომს". ჯანო ანანიძე სასტარტოში გამოჩნდა და 73-ე წუთამდე ითამაშა. როსტოველთაგან სამივე გოლი არტიომ ძიუბამ გაიტანა, რომელიც ჯანოს მსგავსად, "სპარტაკიდან" იჯარითაა გადასული. ანანიძის მიერ ცარიელ ზონაში გაკეთებულ პასს მოჰყვა ძიუბას მეორე გოლი.
"ემპოლიმ" ამხანაგურში 3:0 მოუგო იტალიური სერია C2-ის "ტუტოკუოს". ლევან მჭედლიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და 87-ე წუთზე საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა: მარჯვენა ფლანგზე პოზიციური ორთაბრძოლა მოუგო მცველს, საჯარიმოში შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით გაიტანა. ირაკლი შეყილაძეს ამ მატჩში არ უთამაშია.
მჭედლიძის გოლი, 8:15-დან:
http://www.youtube.com/watch?v=aMeTGhOAzQQ