საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, აგვისტოს ბოლოს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსმზადებელი ციკლის დასკვნით შეჯიბრებაზე, მოსკოვის “დიდ სლემზე” გამოდის. უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე საჭიდაოდ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა იახლა. გამონაკლისი მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილისთვის (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილისთვის (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილისთვის (81 კგ) დაუშვა, რომლებსაც ამ ეტაპზე დასვენების საშუალება მისცა. ვარლამ ლიპარტელიანს კი, ზედმეტ წონას არ აკლებინებს და 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოსვლის უფლებას აძლევს.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს, მედლები კაცებში პირველ სამ წონაში გათამაშდა. ტატამზე ოთხი ქართველი გავიდა და ორმა მათგანმა მედლის მოპოვებაც მოახერხა. ეროვნული გუნდის უმსუბუქესმა წევრმა, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ), “დიდი სლემი” უნაკლოდ ჩაატარა და ოქროს მედალი და 500 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. 73 კილოგრამში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილი კი, მსაჯის არაობიექტურმა გადაწყვეტილებამ, მხოლოდ ბრინჯაოს და 200 ქულას დააჯერა.
პაპინაშვილი 24 მონაწილეს შორის ყველაზე მაღალრეიტინგიანი იყო და შესაბამისად, ბადეში პირველ ნომრად განთესეს. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, ჰოლანდიელ ხეროენ მუურენთან შეხვედრით. საწყისი ერთი წუთის შემდეგ, გაფრთხილებით წინ მუურენი იყო, მაგრამ ამირანმა ჯერ იუკო შეუსრულა, მეორე ილეთით კი მეტოქე ბეჭებზე დასცა.
მეოთხედფინალში, ქართველი მსუბუქწონოსანი აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს დაეჭიდა და მეორე წუთზე ვაზარზე დავარდა. ეს იყო და, უმალ, უპირატესობას დაეუფლა - მალე ვაზარად შეფასებული ულამაზესი გდება თავადაც შეასრულა და ზედ შებოჭვაც მიაყოლა. მუშკიევის შემდეგ, სომეხ ჰოვანეს დავთიანს ვაზარ-იუკოთი აჯობა, ფინალში კი, ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის ორწუთნახევარში ბრწყინვალე იპონით დაასრულებინა ჩემპიონობაზე ფიქრი.
60 კილოგრამი წონითი კატეგორიის კვარცხლბეკზე, ამირან პაპინაშვილის გარდა ის ძიუდოისტები ავიდნენ, რომლებსაც ძირითად ბადეში გამოსვლა ქართველმა ძიუდოისტმა დაასრულებინა.
ზებედა რეხვიაშვილმა ტურნირი რუსეთის ნაკრების წევრ მურატ კოძოკოვის ძლევით გახსნა. ქართველი ძიუდოისტი ზუსტად ერთ წუთში ვაზარით დაწინაურდა და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა. მეორე წრეში, ბრაზილიელ მარსელო კონტინის, სუფთა გდება საფინალო სირენამდე 36 წამით ადრე შეუსრულა. არადა, იქამდე, სამხრეთამერიკელი ორი გაფრთხილებით იგებდა.
ოქრო-ვერცხლის შანსი რეხვიაშვილმა მეოთხედფინალში დაკარგა, ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტთან წაგებით. გადამწყვეტი, ბოლო წუთზე ქართველი ძიუდოისტის მიერ შესრულებული გდება აღმოჩნდა, რომელიც ვან ტიჩელტის ბეჭებზე დაგდებით დასრულდა, მაგრამ მსაჯმა სუფთა გამარჯვება ბელგიელ ძიუდოისტს მიანიჭა. ალბათ ჩათვალა, რომ რეხვიაშვილის დაწყებული ილეთი ვან ტიჩელტმა დაასრულა. ქართველთა პროტესტმა, რა თქმა უნდა, არ გაჭრა და ზებედა რეხვიაშვილი დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ჯერ ამერიკელ ნიკოლას დელპოპოლოს მოუგო იპონით, “ბრინჯაოს ფინალში” კი იპონითვე სძლია გაცილებით ძლიერ ძიუდოისტს, მსოფლიოს 2009 წლის მონღოლ ჩემპიონ ცაგაანბაატარ ხაშბაატარს.
დღესვე, კიმონოები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ტრისტან ფეიქრიშვილმა და შალვა ქარდავამაც მოირგეს და ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.
ფეიქრიშვილმა პირველ წრეში ჰოლანდიელი კუნარ კოპსი საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე შესრულებული იპონით ჩამოიშორა, მაგრამ შემდეგ, რუსეთის ნაკრების წევრ კამალ ხან-მაგომედოვთან მხოლოდ ორი წუთი გაძლო. ქარდავასთვისაც მასპინძელთა ჯილა აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი - დენის ლავრენტიევთან მეხუთე წუთზე იუკო გამოეპარა და შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება ვეღარ შეძლო. ამ ილეთამდე, შალვა ქარდავა გაფრთხილებით იგებდა.
ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი ზვიად გოგოჭური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ნოდარ მეტრეველი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) იჭიდავებენ.
სადიდსლემო ქართულ განაცხადში ლევან წიკლაურიც (81 კგ) იყო, მაგრამ ტურნირის ბადე მის გარეშე შეივსო. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის ცნობით, წიკლაურმა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.
ძიუდო
“დიდი სლემი”
მოსკოვი
20 ივლისი
კაცები
60 კგ
1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
2 ფელიპე კიტადაი (ბრაზილია)
3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
66 კგ
1 შარლეს ჩიბანა (ბრაზილია)
2 კოლინ ოუტსი (ბრიტანეთი)
3 მირზაჰიდ ფარმონოვი (უზბეკეთი)
3 ლუიზ რევიტე (ბრაზილია)
73 კგ
1 დირკ ვან-ტიჩელტი (ბელგია)
2 დენის იარცევი (რუსეთი)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3 ნავრუზ ჟურაკბილოვი (უზბეკეთი)