საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი (60 კგ) მოსკოვის “დიდ სლემზე” ჩემპიონი გახდა და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ზებედა რეხვიაშვილმა (73 კგ) კი ბრინჯაო და 200 ქულა ირგუნა.
პაპინაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა. ჰოლანდიელ ხეროენ მუურენსა და აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს იპონებით გაუსწორდა, ხოლო სომეხ ჰოვანეს დავთიანს ვაზარი-იუკო აკმარა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბრაზილიელი ფელიპე კიტადაი ორწუთ-ნახევარში ბრწყინვალე გდებით გააკრა ბეჭებზე.
რეხვიაშვილმა ჩემპიონობის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, მას შემდეგ, რაც მსაჯმა მის მიერ შესრულებული სუფთა გდება რატომღაც ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს მიაწერა. ამ ბრძოლამდე ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის ნაკრების წევრი მურატ კოძოკოვი ვაზარით დაამარცხა, ხოლო ბრაზილიელი მარსელო კონტინი – იპონით. დამამშვიდებელი ეტაპის ნახევარფინალში ზებედა რეხვიაშვილმა ამერიკელ ნიკლას დელპოპოლოს ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე. “ბრინჯაოს ფინალში” კი მსოფლიოს 2009 წლის მონღოლ ჩემპიონ ცაგაანბაატარ ხაშბაატარს მშვენიერი იპონი შეუსრულა.
დღესვე რუსულ ტატამზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შალვა არდავა და ტრისტან ფეიქრიშვილიც გავიდნენ, მაგრამ ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა.
ხვალ კი საქმეში ზვიად გოგოჭური (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ნოდარ მეტრეველი (ორივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ) ჩაერთვებიან.