ძიუდო

20:19 | 16.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ამირანის ბრინჯაო და 80 ქულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) აბუ დაბის დიდ პრიზზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირად რეიტინგში 80 ქულა შეიმატა. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დღეს დაწყებულ სამდღიან საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონ-პრიზიორები მამაკაცთა პირველ ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ტატამზე პაპინაშვილი და გიორგი შოშიაშვილი (66 კგ) გავიდნენ.
უმსუბუქეს წონაში 30-მა მონაწილემ მოიყარა თავი და ტურნირი მეთექვსმეტედფინალით დაიწყო. პაპინაშვილმა, რომელიც კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალრეიტინგიანი იყო და შესაბამისად, პირველ ნომრადაც განთესეს, დიდი პრიზი ამერიკელი აარონ კუნიჰიროს ვაზარ-იუკოთი ძლევით გახსნა. ყაზახ აშხატ ტელმანოვს მესამე წუთზე იპონით აჯობა. ბრაზილიელ ბრენო ალვეშს კი იუკოთი გასცდა და ნახევარფინალში გასვლით მედალიც გაინაღდა, რადგან დიდ პრიზზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს. სამწუხაროდ ბრინჯაოს ბარიერის გადალახვა ვეღარ შეძლო - ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან იუკოთი დამარცხდა. ამ უკანასკნელმა ფინალში ყაზახ იერკებულან კოსაიევთან წაიფორხილა.
66 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ გიორგი შოშიაშვილმა იჭიდავა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ – პირველსავე წრეში მომავალ ჩემპიონს, იაპონელ მასააკი ფუკუოკას გადაეყარა, უშანსოდ წააგო და 16 სარეიტინგო ქულას დასჯერდა.
მედლები ქალთა 48, 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა. ჩემპიონები გახდნენ იაპონელი ემი იამაგიში (48 კგ), კოსოვოელი მაილინდა კელმენდი (52 კგ) და იტალიელი ჯულია კინტავალე (57 კგ). ცნობისთვის, იმის გამო, რომ კოსოვო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დამოუკიდებელი წევრი არაა, მაილინდა კელმენდიმ არაბულ ტურნირზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით იჭიდავა.
17 ოქტომბერს მედლები მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს მონაწილე მხოლოდ 73-ში ეყოლება. ნუგზარ ტატალაშვილი დიდ პრიზს ავსტრიელ პიტერ შარინგერთან შეხვედრით გახსნის.

ძიუდო
დიდი პრიზი
აბუ დაბი
16 ოქტომბერი


კაცები

60 კგ
1 იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი)
2 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
3 ტობისა ენგლმაიერი (გერმანია)

66 კგ
1 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
2 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
3 სერგეი ლიმი (ყაზახეთი)
3 მიარაგჩა სანიაასურენი (მონღოლეთი)

ქალები

48 კგ
1 ემი იამაგიში (იაპონია)
2 შუგენ ვუ (ჩინეთი)
3 იუნგ-იონ ჩუნგი (სამხრეთ კორეა)
3 ფრედერიკე ჟოსინე (საფრანგეთი)

52 კგ
1 მაილინდა კელმენდი (ძსფ)
2 ჰონგმეი ჰი (ჩინეთი)
3 ბუნდმაა მუნხბაატარი (მონღოლეთი)
3 იანა სანდბერგი (ფინეთი)

57 კგ
1 ჯულია კინტავალე (იტალია)
2 ჟუულ ფრანსენი (ჰოლანდია)
3 ტელმა მონტეირო (პორტუგალია)
3 ოტომნ პავია (საფრანგეთი)

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167998