საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დაწყების წინ გააკეთა. აღმასკომის საგანგებო სხდომა ამ წუთებში ძიუდოს ფედერაციის ოფისში მიმდინარეობს და მასზე მთავარ განსახილველ საკითხად წარმოდგენილია ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატაზე მომხდარი ინციდენტი, როცა დაგვიანების გამო საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ცირეკიძე ტურნირიდან მოხსნეს.
ტოტიკაშვილმა განაცხადა, იგი თავის თავზე იღებს მომხდარზე ყველანაირ პასუხისმგებლობას და ტოვებს თანამდებობას. ტოტიკაშვილმა ასევე რამდენიმე საინტერესო განცხადებაც გააკეთა, იგი ამ ყველაფერს უწოდებს დადგმულ სპექტაკლს და ამ სპექტაკლის “რეჟისორობას” აბრალებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, გია ნაცვლიშვილს. მისი თქმით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე გია ნაცვლიშვილმა მას მიუგზავნა ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი და გადასცა შემდეგი ნათქვამი, რომ მნიშვნელობა არ ექნებოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდი რა შედეგს მიაღწევდა, ამირან ტოტოიკაშვილს მაინც მოუწევდა თანამდებობის დატოვება. საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ძალიან აღელვებული იყო და ამბობდა, რომ იგი არის განტევების ვაცი და რომ მის კვალდაკვალ პასუხისმგებლობა სხვებმაც უნდა გაიზიარონ.
ძიუდოს ფედერაციის აღმასკომზე წარმოდგენილია თითქმის ყველა პასუხისმგებელი პირი, სხდომას ესწრება საქართველოს სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, რომელმაც სხდომაზე შესვლამდე განაცხადა, რომ აპირებს დააყენოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ევალებოდა ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული გუნდი გამოსულიყო ღირსეულად და არ მომხდარიყო ესეთი სამარცხვინო ლაფსუსი. ჟურნალისტების კითხვას - აპირებს თუ არა სპორტის მინისტრი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დილარ ხაბულიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მინისტრმა უპასუხა, რომ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. სხდომაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი, სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ასანიძე, რომელსაც სხდომაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აღმასკომის სხდომაზე მოსული დავით ხახალეიშვილის დანახვამ, მაგრამ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. თქვა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს დაწვრილებით ყველაფერზე. აქვე იმყოფება ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა ხაბარელი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ინიციატივა იქნება უპირველესად დააყენოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დილარ ხაბულიანის პასუხისმგებლობის საკითხი, რათა მან დატოვოს თანამდებობა. ხაბარელის განცხადებით, არეულობა ძიუდოს სამყაროში, რაც ამ ბოლო წლებში ხდებოდა, უკავშირდება სწორეთ ხაბულიანის სახელს და ამ ადამიანს აღარ აქვს უფლება ხელმძღვანელობდეს ქართულ ძიუდოს. სხდომა დახურულია და კომენტარები გაკეთება მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აღმასკომის საგანგებო სხდომას არ ესწრება ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი.
ეკა ელოშვილი







