ძიუდო

11:18 | 7.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილი ოლიმპიურ გზას შეუყვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ამირან პაპინაშვილმა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ეტაპი რიხიანად დაიწყო. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ჰავანაში გუშინ დაწყებულ გრან პრიზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 300 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა.

ოქროს გზაზე პაპინაშვილმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო. მსოფლიოს რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი ძიუდოისტი მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და საქმეში მეორე წრიდან – მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ამერიკელ აარონ კუნიჰიროს ორწუთნახევარში მოუმთავრა საქმე. შემდეგ მეტოქესთან, შვეიცარიელ ლუდოვიკ ჩამარტინთან შედარებით მძიმედ დაიწყო, თავის წამოწყებულ ილეთზე იუკოზე დავარდა და ნელ-ნელა დაღლაც დაეტყო, მაგრამ ძალები მოიკრიბა და საფინალო სირენამდე მეტოქეს ვაზარი და იუკო შეუსრულა.

ნახევარფინალში ებრაელი არტემ არშანსკი მეოთხე წუთზე დასცა ბეჭებზე. იქამდე ვაზარის ერთი ვაზარიც მოასწრო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს ერთი წუთი აკმარა.

სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა, მაგრამ ამ წონაში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავდა.

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 73 და 81 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ირაკლი უზნაძის გუნდის წევრთაგან კიმონოს ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე 81 კგ) მოირგებენ.

ტატალაშვილი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთვება, არგენტინელ ლუის ვეგასთან შეხვედრით. შავდათუაშვილი პირველივე წრით დაიწყებს, მეტოქედ კი პუერტორიკოელი აუგუსტო მირანდა ეყოლება. ჭრიკიშვილი რა თქმა უნდა პირველ ნომრადაა განთესილი და წილისყრამ პირდაპირ მერვედფინალში ჩასვა, სადაც კოლუმბიელ პედრო კასტროსა და მექსიკელ ჯონათან ესპადასს შორის მოგებულს დაეჭიდება, ხოლო მარგიანს მეთექვსმეტედფინალში მოწინააღმდეგედ მექსიკელი გერმან აიალა ერგო.

8 ივნისს იჭიდავებენ: ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ). ამ წონებში საქართველოს ნაკრებს ფორტუნამ არ გაუღიმა. ქართველი ძიუდოისტები სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოხვდნენ და მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. იქამდე კი... ლიპარტელიანი მერვედფინალში კუბელი ენდი გრანდასა და სერბი ალექსანდრ კუკოლჟის წყვილიდან გასულს შეხვდება, ღვინიაშვილის სავარაუდო მეტოქეები ამავე ეტაპზე სლოვენიელი დავიდ კუკოვიცა და ლიბანელი ნაციფ ელიასი არიან. ოქრუაშვილი პირდაპირ მეოთხედფინალით დაიწყებს, ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონსა და კუბელ არლენდი მორალესს შორის მოგებულთან შეხვედრით, მატიაშვილს კი მერვედფინალში მოწინააღმდეგედ ჰონდურასელი რამონ პილეტა ერგო.

ვარლამ ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი ჰავანას გრან პრიზე პირველ ნომრებად არიან განთესილები.

 

ძიუდო

ჰავანას გრან პრი

6 ივნისი

კაცები

 

60 კგ

1 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

2 ერიკ ტაკაბატაკე (ბრაზილია)

3 ეშლი მაკკენზი (ბრიტანეთი)

3 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)

 

66 კგ

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

2 სუგოი ურიარტე (ესპანეთი)

3 პატრიკ განიე (კანადა)

3 ალიმ გადანოვი (რუსეთი)

 

0.117401