ჭადრაკი

8:00 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ამჯერად, წარუმატებლად

თუკი ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მე-6 ტური ქართველ მოჭადრაკეთათვის წარმატებული გამოდგა, მეშვიდეში მათ არასახარბიელო შედეგები ჰქონდათ.

მანამდე მე-2 ადგილზე მყოფმა ლევან ფანცულაიამ (2595) შავი ფიგურებით ინდოელ სანტოშ გუჯარატი ვიდიტთან (2582) წააგო და 5.0 ქულით მე-6 პოზიციამდე დაქვეითდა.

ასეთივე მონაგარით მე-14 საფეხურზეა თორნიკე სანიკიძე (2553), რომელიც თეთრებით სომეხ სამველ ტერ-სააკიანს (2568) დაუზავდა.

რაც შეეხება ტურნირის კიდევ ერთ ქართველ მონაწილე მერაბ გაგუნაშვილს (2556), მან შავი ფიგურებით რუს მიხაილ მოჟაროვთან (2508) წააგო და 4.5 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

მე-8 ტურში ფანცულაია თეთრებით აზერბაიჯანელ აზერ მირზოევს (2519) ეთამაშება, ხოლო სანიკიძე და გაგუნაშვილი შავებით ინდოელებს დაუპირისპირდებიან, შესაბამისად, ჩაკრავარტი დეეპანს (2471) და კიდამბი სუნდარარაჯანს (2435).

ამ დროისთვის 6.0 ქულით შეჯიბრს მასპინძელი სეტურამანი (2553) ლიდერობს, რომელსაც ნახევარი ქულით 3 მოჭადრაკე ჩამორჩება: ივან პოპოვი (რუსეთი, 2652) და ხსენებული ვიდიტი და მოჟაროვი.

ცნობისთვის, ინდური ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება. პირველ ნომრად პოპოვია განთესილი, ფანცულაია რეიტინგით მეორეა, გაგუნაშვილი – მე-9, ხოლო სანიკიძე – მე-10.

0.120699