შაბათ-კვირას, სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში, ძიუდოისტთა 2010 წლის სეზონის პირველი დიდი ტურნირი – მსოფლიოს მასტერსი გაიმართება. ტატამზე მსოფლიო რეიტინგსიის საუკეთესო ძიუდოისტები გავლენ და თავიანთი პოზიციების გასამყარებლად იბრძოლებენ. მასტერსზე სამი ქართველიც იჭიდავებს. ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს მოირგებს კიმონოს, ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) – კვირას. კენჭისყრა დღეს გაიმართა და მათი მოწინააღმდეგეების ვინაობაც გარკვეულია.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში 14 მონაწილე მოგროვდა. ტოპ-16-ს მხოლოდ მე-4 ნომერი, სომეხი ჰოვანეს დავთიანი და მე-15 ადგილზე მყოფი მაროკოელი ალაე იდრიში დააკლდებიან. პაპინაშვილი პირველ წრეში რუს არსენ გალსტიანს დაეჭიდება და თუ გასცდება, მეოთხედფინალში ავსტრიელი ლუდვიგ პაიშერისა (3) და ჩეხი პაველ პეტრიკოვის (11) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. გალსტიანი მე-9 ადგილზეა მსოფლიოს რეიტინგში, 400 ქულით და აქედან 180 შარშან, თბილისში ჩატარებული ევროპირველობის ჩემპიონობისთვის მიიღო. ამირან პაპინაშვილი კი 368 ქულით მე-10 პოზიციაზეა.
რეიტინგის მე-16 ადგილოსანი ვარლამ ლიპარტელიანი მასტერსში პირდაპირ მეორე წრიდან - მეოთხედფინალიდან ჩაერთვება და იქ რეიტინგის მე-2 ნომერს, მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორ რუსს, კირილ დენისოვს დაუპირისპირდება. ამ წყვილიდან ნახევარფინალში გასული ძიუდოისტი კი იაპონელ იუია იოშიდას (18), იტალიელ ლორენცო ბანიოლისა (10) და უზბეკ დილშოდ ჩორიევს (4) შორის საუკეთესოს პირისპირ დადგება. სხვადასხვა მიზეზთა გამო, ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ – ეგვიპტელი ჰეშამ მესბაჰი (3), ბელარუსი ანდრეი კაზუსიონაკი (5), ფრანგი მეტიუ დაფრევილი (7), ბრაზილიელი ჰუგო პესანა (9) და იაპონელი მასაში ნიშიამა (11). სულ ამ წონით კატეგორიაში 11 ძიუდოისტი იჭიდავებს.
100 კილოგრამის სატურნირო ბადეში 14 ძიუდოისტი გადანაწილდა. 12 მათგანი მსოფლიო მასტერსს მერვედფინალით დაიწყებს, 2 კი პირდაპირ მეოთხედფინალში ჩაჯდა და ამ იღბლიანებში მოხვდა ჟორჟოლიანიც, რომელიც რეიტინგის მე-18 ნომერია და ტურნირზე ტოპ-16-ის რამდენიმე მკვიდრის უარის გამო მოხვდა. ქართველის პირველი მეტოქე ეგვიპტელ რამადან დარვიშსა (3) და მონღოლ ტამუულენ ბატულგას (12) შორის გამარჯვებული იქნება. კორეულ ტატამზე ამ წონის ტოპ-16-ელთაგან არ გავლენ - ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელი ელკო ფან დერ ხესტი (5), ბრაზილიელი ლუჩიანო კორეა (6), ჰოლანდიელი ჰენკ გროლი (8) და ლატვიელი ევგენის ბოროდავკო (10).
ხვალ მედლები მამაკაცთა 60, 66 და 73 და ქალთა 48, 52, 57 და 63 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. წინასწარი შეხვედრები სუვონის დროით დილის 11 საათზე, თბილისის დროით კი ამაღამ, 4 საათზე დაიწყება. ფინალური ეტაპი კი თბილისის დროით 10-დან 12 საათამდე გაიმართება.
მსოფლიოს მასტერსის საპრიზო ფონდი 200 ათასი ამერიკული დოლარია. ჩემპიონები ოქროს მედლებთან და 400-400 სარეიტინგო ქულასთან ერთად, 6-6 ათას დოლარსაც მიიღებენ. ვერცხლის პრიზიორები 240 ქულას მიიწერენ და 4-4 ათასით დასაჩუქრდებიან. ბრინჯაოსნები კი 160 ქულით და 2-2 ათასით გამდიდრდებიან. მეხუთე ადგილზე გასულ ძიუდოისტებს საპრიზო ფონდიდან არაფერი შეხვდებათ, მაგრამ რეიტინგს კი გაიუმჯობესებენ.
მსოფლიოს მასტერსზე რეპეშაჟის წესი არ იმოქმედებს. ნახევარფინალში წაგებულები უმალ მესამე ადგილს გაინაღდებენ. მეოთხედფინალისტებს (მათ შორის ლიპარტელიანსა და ჟორჟოლიანსაც) კი მე-5 ადგილი და 80 სარეიტინგო ქულა უკვე განაღდებული აქვთ.
ოთარ მაღლაკელიძე







