თბილისის “დინამოს” ექსნახევარმცველმა მიკელ ალვარომ, რომელიც ამჟამად ბაქოს “ინტერში” გამოდის, აზერბაიჯანული კლუბიდან სავარაუდო წასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“ინტერიდან” მივდივარ? მსგავსი რამ არ გამიგია. “ინტერში” ბედნიერი ვარ და კლუბის დატოვება არ მინდა. გარკვეული ხნის განმავლობაში ტრავმირებული ვიყავი და მიხარია, რომ ყველაფერი უკან დარჩა. როგორც კი მწვრთნელი მოისურვებს, მოედანზე გასასვლელად მზად ვარ. ბოლო პერიოდში მხოლოდ ტრავმის გამო არ ვთამაშობდი” – იუწყება ესპანელი ფეხბურთელის სიტყვებს azerifootball.com-ი.
ალვარო, რომელიც განვლილ სეზონში “დინამოს” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, “ინტერში” ზაფხულში გადავიდა. მან ბაქოელთა შემადგენლობაში უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ხოლო შემდეგ ტრავმა მიიღო და საკმაო ხანი უქმობდა. გასულ ტურში ალვარომ “გაბალასთან” წაგებულ (0:1) მატჩში 86-ე წუთიდან ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ “ინტერის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, ხოლო აზერბაიჯანულ კლუბში გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ბაჩანა ცხადაძე და ლაშა სალუქვაძე გამოდიან.