იმის მიუხედავად, რომ ბელგიის დიდი პრიზის უქულოდ დასრულების გამო, საჩემპიონო შანსები მნიშვნელოვნად შეუმცირდა, „ფერარის“ ესპანელი ფერნანდო ალონსო (სურათზე) დანებებას არ აპირბს და ამბობს, რომ უბრძოლველად არაფერს დათმობს.
ბელგიური რბოლის მიწურულს, როდესაც წვიმამ ტრასა ძლიერ დაასველა, ალონსოს შეცდომა მოუვიდა და რბოლას გამოეთიშა. ამ ფიასკოს შემდეგ, ის ჩემპიონატის ბრიტანელ ლიდერ ლუის ჰამილტონს 41 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 6 რბოლაა დარჩენილი.
ამ ექვს რბოლაში, მაქსიმუმ 150 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ ჰამილტონს და მის მთავარ მეტოქეს, „რედ ბულ რეისინგის“ ავსტრალიელ მარკ უებერს ბრძოლას გაუმართავს.
„დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობის შანსი ჯერაც არ დამიკარგავს. ჩემპიონობა ჯერაც ხუთ პილოტს შეუძლია და ვფიქრობ, ჩემპიონობაზე ჩვენი შანსები ისევ 50/50-ზეა, ისევე როგორც ბელგიური ეტაპის წინ. სეზონის დასრულებამდე 6 რბოლა გვრჩება და მოგებული ის დარჩება, ვინც თავის შანსებს კარგად გამოიყენებს“, - ამბობს ალონსო, ვისაც ამ სეზონში 2 რბოლა აქვს მოგებული.
ალონსომ თავის მანქანაზე კონტროლი მე-3 წრეზე, მოსახვევ ლეს კომბსის გავლისას დაკარგა. ესპანელი ამბობს, რომ შეცდომა ბორდიურზე გავლისას დაუშვა. იმის მიუხედავად, რომ რბოლა უქულოდ დაასრულა, ალონსო თვლის, რომ ამ ინციდენტს, მისი საბრძოლო განწყობა არ დაუკნინებია. ამ დანაკარგის ამოქაჩვას კი ის ორ კვირაში, „ფერარის“ საშინაო რბოლაში, მონცაზე აპირებს.
„იმ 5 პილოტიდან, ვინც ჩემპიონობისთვის იბრძვის, სპაზე ქულები მხოლოდ ორმა აიღო. არაა გამორიცხული, რომ შემდეგ რბოლაში ყველაფერი პირიქით მოხდეს და მაშინ, დანარჩენი სამის შანსებიც გაიზრდება. ყველაფერი იმ ადგილს დაუბრუნდება, სადაც ამ რბოლის წინ იყო“, - დასძენს ალონსო, რომლის მსგავსად, ბელგიური რბოლის შემდეგ, „ფერარის“ საჩემპიონო შანსებიც მნიშვნელოვნად შემცირდა. სპაზე იტალიურ გუნდს ქულები მხოლოდ ბრაზილიელმა ფელიპე მასამ მოუპოვა, რომელიც მე-4 ადგილს დასჯერდა. ამ წარუმატებლობის შემდეგ, მარანელოელები ლიდერ „რედ ბულ რეისინგს“ 80 ქულით ჩამორჩებიან.
თუმცა, ალონსოს მსგავსად, ოპტიმიზმს არც „ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი მოისაკლისებს. ის 2007 წლის სეზონს იხსენებს, რომლის დასრულებამდე ორი რბოლით ადრეც, ჰამილტონი ფინელ კიმი რაიკონენს 17 ქულას უგებდა, მაგრამ საბოლოოდ, ჩემპიონი სწორედ ის გახდა...
http://formula1ge.blogspot.com/







