სებასტიან ფეტელი მსოფლიოს ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ ჟურნალ ”ავტოსპორტის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, სეზონის საუკეთესო პილოტად ფერნანდო ალონსო დაასახელა. გამოკითხვაში მხოლოდ ფორმულა 1-ში მონაწილე 12 გუნდის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, რომლებსაც 10-10 საუკეთესო პილოტი უნდა დაესახელებინათ.
კონკურსის წესი მარტივია - ყოველ ანკეტაში, პილოტი ქულებს დაკავებული ადგილის შესაბამისად იღებს, ქულათა სისტემა კი ფორმულა ერთის სისტემის იდენტურია (ანუ 25-18-15-12-10-8-6-4-2-1).
მიუხედავად იმისა, რომ ალონსომ და ”ფერარიმ” სეზონის პირველი ნახევარი აშკარად ჩააგდეს, მეორე ნახევარში პირიქით, მათი ტანდემი თითქმის საუკეთესო იყო დიდ ცირკში, რამაც მათ ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მისცა. და რომ არა ბოლო რბოლაში მცდარი სარბოლო სტრატეგია, ესპანელი პილოტი მესამედ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ბევრი თვლის, რომ ალონსომ თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ჩემპიონობასაც იმსახურებდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ”ფერარიში”, რომლის მონდომებამაც ალონსოზე დიდი გავლენა მოახდინა.
”ძალიან მიხარია, რომ გუნდების ხელმძღვანელთა უმეტესობამ, სეზონის საუკეთესო მრბოლად მიმიჩნია. რა თქმა უნდა მერჩივნა, ეს აღიარება მსოფლიოს ჩემპიონის რანგში მიმეღო. თუმცა, ბოლო ეტაპზე გაწბილების მიუხედავად, მაინც შემიძლია ვთქვა და გამოკითხვის შედეგებიც ამას მოწმობს, რომ შესანიშნავი სეზონი ჩავატარე. გუნდთან ერთად, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში, ბოლომდე ვიბრძოლე და დანებებაზე ერთხელაც არ მიფიქრია. არადა იყო მომენტი, როცა ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენთვის სეზონი წარუმატებელი იყო. ალბათ, მომავალ სეზონში უკეთ გავირჯებით, თუმცა გასულ სეზონს ყოველთვის გავიხსენებ, როგორც გასაოცარს”, - ამბობს ალონსო.
გამოკითხვის შედგებით, მეორე ადგილი ფეტელმა დაიკავა, რომელსაც ლუის ჰამილტონი და მარკ უებერი მოჰყვებიან. ”ავტოსპორტის” გამოკითხვის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:
1. ფერნანდო ალონსო - 229 ქულა; 2. სებასტაინ ფეტელი - 220; 3. ლუის ჰამილტონი - 196; 4. მარკ უებერი - 146; 5. რობერტ კუბიცა - 129; 6. ჯენსონ ბეტონი - 86; 7. ნიკო როსბერგი - 68; 8-9. ნიკო ჰულკენბერგი - 17; 8-9. ფელიპე მასა - 17; 10. რუბენს ბარიკელო - 11
მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/







