ავტოსპორტი

17:55 | 15.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო: „მაკლარენი“ უკეთესია, ვიდრე ჩანს

 

მართალია, „მაკლარენის“ პილოტები აღიარებენ, რომ მათი მანქანა ამ ეტაპზე კონკურენციას ვერ გაუწევს ტოპ გუნდების მანქანებს, მაგრამ ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ასე არაა და უოკინგელები პირველივე ეტაპიდანვე  კვარცხლბეკზე იქნებიან.

ფორმულა 1-ის მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირაც არაა დარჩენილი და ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს, „მაკლარენმა“ თავისი MP4-26 (ფოტოზე, საჭესთან ლუის ჰამილტონი) სათანადოდ ვერ მოამზადა. ბიისის რეპორტიორმა მარტინ ბრანდლმა, რომელიც ერთ დროს თავადაც ამ გუნდის წევრი იყო, ამ მანქანას ხარახურაც კი უწოდა. თუმცა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თვლის, რომ ტესტებზე „მაკლარენს“ თავისი შესაძლებლობები არ გამოუვლენია.

„ისინი გაცილებით უკეთესები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სეზონისწინა ტესტები არაფერზე არ მეტყველებს. ისინი ამბობენ, რომ უკეთესს ელოდნენ, მაგრამ ეს შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მელბურნში საუკეთესოთა შორის იყვნენ, მერე კი დაწინაურებაც შეუძლიათ. მელბურნში გამოჩნდება, ვინ სადაა. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ისინი მეათე ადგილისთვის კი არა, კვარცხლბეკზე ადგილებისთვის იბრძოლებენ“ - განაცხადა ალონსომ ესპანურ „ელ პაის-თან“ საუბრისას.

ახლახანს, ლუის ჰამილტონმა და ჯენსონ ბატონმა დაიჩივლეს, რომ მათ ახალი მანქანის სათანადოდ ტესტირება ვერ მოასწრეს. გუნდმა თავისი ახალი ბოლიდი ტრასაზე სხვებზე გვიან გამოიყვანა და მას შემდეგაც, ტესტების დროს, სხვადასხვა პრობლემის გამო, მისმა პილოტებმა სხვებზე ცოტა წრის გავლა მოახერხეს.

ალონსომ ორიოდე სიტყვა „პირელის“ საბურავებზეც თქვა და აღნიშნა, რომ ეს საბურავები დამუხრუჭებისას და აჩქარებისას უფრო მეტ სიფრთხილეს საჭიროებს, ვიდრე „ბრიჯსტოუნის“ საბურავების შემთხვევაში: „შარშან ჩვენ შეგვეძლო, სწორი მონაკვეთის ბოლოს, მუხრუჭის სატერფულს მთელი ძალით დავწოლოდით, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე არ ივარგებს, რადგან ბორბლების დაბლოკვის ალბათობა უფრო დიდია. განსაკუთრებით კი, ეს უკანა ბორბლებს ეხება. ბორბლის ჩაჭიდება გაუარესებულია. მაგალითად, მოსახვევიდან გამოსვლისას, როცა აჩქარებას ვიწყებთ, აქსელერატორზე დაჭერისას მეტი სიფრთხილეა საჭირო, რომ მანქანა არ მოგვიცურდეს“.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060785