ავტოსპორტი

20:52 | 5.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო ”ფერარიში” ათი წლით დარჩება

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში, მსოფლიოს ჩემპიონის მესამე ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ეს გუნდური მცდარი სტრატეგიის ბრალი იყო, ესპანელი ფერნანდო ალონსო საკუთარი გამოსვლით მაინც კმაყოფილია და ამბობს, რომ შემდგომ ათ სეზონს იტალიურ გუნდში გაატარებს.
29 წლის პილოტის თქმით, ”ფერარის” შემდეგ გადასვლას არსად აპირებს და კარიერას ამ გუნდშივე დაასრულებს. ამის შესახებ, მან ესპანურ რადიო ”ონდა სეროსთან” საუბრისას განაცხადა. ალონსო, უწინარესად, იმ ფაქტითაა კმაყოფილი, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ მიეცა ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი.
”შესანიშნავი სეზონი მქონდა. საერთო ჯამში, უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. არ ვიცი, მომავალ სეზონშიც იმავე პერსონალთან მომიწევს თუ არა მუშაობა, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ჩვენ კარგად შეკრული გუნდი ვართ და მანქანაც კონკურენტული გვქონდა”, - ამბობს ესპანელი, ვინც ჯერ არ იცის, რა გადაადგილებებია მოსალოდნელი ”ფერარიში”.
ალონსო იტალიურ გუნდში 2009 წლის სეზონის ბოლოს გადავიდა და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამასთან, ”ფერარის” უფლება აქვს, რომ 2 წლის შემდეგ, მასთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით გაახანგრძლივოს. ამგვარად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ”კვიცებთან” მინიმუმ ხუთ სეზონს დაჰყოფს და თუ ყველაფერი კარგად იქნა, იქ უფრო მეტი ხნითაც დარჩება.
სხვათა შორის, ალონსო დღესაც ნანობს, რომ ერთი სეზონი ”მაკლარენში” გაატარა. უფრო მეტიც, დასძენს, რომ 2007 წელს ჩემპიონიც რომ გამხდარიყო, იქ მაინც არ დარჩებოდა. რა თქმა უნდა, ახლა ამბობს, რომ ამ გუნდში აღარასდროს დაბრუნდება. მას ჰკითხეს, ლუის ჰამილტონის ჩემპიონობას სებასტიან ფეტელის ტრიუმფი თუ ერჩივნა, რაზეც სწრაფად უპასუხა - ”სი” (კი).

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0906