ფეხბურთი

10:20 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიერო: “იტალიისგან განსხვავებით, წამყვან ქვეყნებში კანონებს იცავენ”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ინტერვიუ მისცა “გაზეტა დელო სპორტს”. პოპულარული გამოცემის კორესპონდენტთან დიალოგისას ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა “ათიანმა” საკუთარი საფეხბურთო კარიერის შესაძლო დასასრულის თარიღი დაასახელა და გულშემატკივართათვის სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო.

- “იუვენტუსის” არცერთმა ფეხბურთელმა, რომელთან ერთადაც თამაშობდით მეათე ნომრიანი მაისური არ აიღო. ამ ნომრით “ბებერ სინიორაში” ახლახან გადასული კარლოს ტევესი იასპარეზებს, ვიდალმა კი საქვეყნოდ განაცხადა, რომ “ათიანი” მხოლოდ და მხოლოდ დელ პიეროს ეკუთვნისო...

- დიდი მადლობა “იუვეს” ლიდერებს, რომლებმაც ამგვარი მორალური მხარდაჭერა გამომიცხადეს. პირლო, მარკიზიო, ბუფონი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე ათნომრიანი მაისურით თამაშს იმსახურებს. როდესაც მათ ამ ეკიპირებაზე უარი თქვეს, საუკეთესო საჩუქარი გამიკეთეს.

- “სკუადარ აძურას” ფეხბურთელები და მწვრთნელები არგენტინასთან ტესტ-მატჩის წინ რომის პაპს ფრანცისკს შეხვდნენ და კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა მათ შემდეგი სიტყვებით მიმართა – უპირველესად ადამიანები ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ ფეხბურთელებიო...

- რომის ახალმა პაპმა ძალიან მალე დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა. იგი უსათნოესი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს.

- თავად თუ ხართ მორწმუნე?

- იმ ადამიანების მწამს, რომელთა ხვედრი და მისწრაფება სხვების დახმარებაა. ასეთ ადამიანებს რომის პაპი ფრანცისკი განეკუთვნება.

- მოდით, პატარა ტესტს ჩაგიტარებთ. დავუშვათ სიდნეიში ხართ და სხვადასხვა არხებით ერთდროულად “იუვენტუსი”-“მილანის”, “რეალი”-“ბარსელონას”, “მანჩესტერ იუნაიტედი”-”ჩელსის”, “ბაიერნი”-“დორტმუნდის” და პსჟ-“მონაკოს” ტრანსლაციაა. რომელ მატჩს უყურებთ პირდაპირი ეთერით, რომლის ჩანაწერს მიადევნებთ თვალს და რომელი შეხვედრების მხოლოდ ანგარიში დაგაინტერესებთ?

- ასეთი რამ რეალურად რომ მოხდეს, ერთდროულად 3 ტელევიზორს მივუსხდები და 2 ვიდეომაგნიტოფონს მოვიმარჯვებ. ასეთი დონის საინტერესო შეხვედრების გამოტოვება არ ღირს. ეს კლუბები მუდმივად ვითარდებიან და მათ პროგრესს თვალი უნდა მიადევნო. ძალიან მომწონს დორტმუნდის “ბორუსია”. იყო პერიოდი, ამ გუნდს არ ულხინდა, მაგრამ მაყურებელთა დასწრების მხრივ ევროპაში მოწინავე სამეულში იყო.

- პარტნიორად რომელს აირჩევდით კრიშტიანუ რონალდუს თუ ლეო მესის?

- ალბათ მაინც მესის მივანიჭებდი უპირატესობას. ჩვენ ხომ თითქმის ერთი სიმაღლისანი ვართ (იცინის). თუმცა, კრიშტიანუც ბრწყინვალე მოთამაშეა.

- ვინც კი გიცნობთ, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ყველაფერი წინასწარ გაქვთ დაგეგმილი და სპონტანურად გადაწყვეტილებას არ იღებთ...

- ნამდვილად ასეა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს წინასწარ ვერ განსჭვრეტ – ადრე თუ გვიან გეგმიდან გადახვევა მოგიწევს. გარკვეული ხარვეზები მეც მაქვს. ბავშვობაში ჩემ კერპებს ვადევნებდი თბალს და ვცდილობდი ყველაფერში მათთვის მიმებაძა. ასეთ დროს დიდი საშიშროებაა ინდივიდუალობა დაკარგო. ახლა თავად მე ვარ ბავშვებისთვის მისაბაძი ფეხბურთელი, რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ვცდილობ, ახალმა თაობამ ცუდი არაფერი შემამჩნიოს.

- რამდენიმე დღის წინათ ჩვენი გაზეთის რედაქციაში ცხარე კამათი გაიმართა. ვერაფრით შევთანხმდით, რომელია თქვენ შორის საუკეთესო – რობერტო ბაჯო, ფრანჩესკო ტოტი თუ ალესანდრო დელ პიერო?

- ვფიქრობ, საუკეთესოდ აღიარებას სამივე ჩვენთაგანი იმსახურებს. მე, რობერტოსა და ფრანჩესკოს სხვადასხვა საფეხბურთო გზა გვაქვს გავლილი, მაგრამ საყვარელ პროფესიაში დასახულ ამოცანას მივაღწიეთ – უმაღლეს დონეზე კარგა ხნის განმავლობაში ვითამაშეთ.

- ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ იტალიური ფეხბურთის ჩამორჩენაზე სხვა წამყვან ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის უკეთესებისკენ შესაცვლელად?

- ინგლისელებმა და გერმანელებმა სტადიონების მოდერნიზებით დაიწყეს პროგრესისკენ სვლა. გააუმჯობესეს მთლიანი ინფრასტრუქტურაც და უსაფრთხოების პრობლემაც გადაჭრეს. იტალიისგან განსხვავებით, წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში განუხრელად იცავენ კანონებს. “რეინჯერსის” მაგალითი ავიღოთ. ასეთი უდიდესი ისტორიის კლუბი არ დაინდეს და “გლაზგოელი პროტესტანტები” ყველაფერს ნულიდან იწყებენ.

- ამბობენ, დეკემბერში საფეხბურთო კარიერას დაასრულებთ...

- საბოლოო გადაწყვეტილებას ქრისტეშობის დღესასწაულის შემდეგ მივიღებ. ასე რომ, 26 დეკემბრამდე მოცდა მოგიწევთ. ყველა ფაქტორს კარგად ავწონ-დავწონი და შეგატყობინებთ, ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ თუ არა.

 

0.063616