ფეხბურთი

17:15 | 10.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე კვახაძე: “ჩართონ ფირი და ნახონ ყველაფერი”

როგორც იცით, “დილა”-“ვიტ ჯორჯიას” მატჩი (1:1) ხმაურიანად დასრულდა. 85-ე წუთზე ვიტელთა კარში გიორგი ბერიაშვილმა გოლი გაიტანა, რომელიც გაუქმდა (მიზეზი – თამაშგარე). ამას “დილას” ქომაგების პროტესტი მოჰყვა, ხოლო გუნდის კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე მოედნიდან გააძევეს. მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ შელაპარაკებისთვის დასაჯა კვახაძე. “დილას” ამ გოლამდეც ჰქონდა მსაჯების მიმართ პრეტენზიები.

“მსოფლიო სპორტი” კვახაძეს დაუკავშირდა:

-          ყველამ ყველაფერი ნახა. შეგუებული ვარ, რომ მარტვილსა თუ ზუგდიდში როცა ჩავდივართ, მსაჯმა შეიძლება მასპინძლის მიმართ სიმპათია გამოამჟღავნოს, მაგრამ “ვიტ ჯორჯიასთან” შინ ვთამაშობდით და ასეთი რამ...

-          ანუ, მიიჩნევთ, რომ გოლი არასამართლიანად გააუქმეს?

-          ვფიქრობ, ასეა. იქ თამაშგარე არ ყოფილა და კი, ბატონო, ნახოს კომისიამ. ჩართონ ფირი და ნახავენ ყველაფერს. ერთხელ შეეშალათ მსაჯებს, მეორედ, მესამედ... ეს უკვე მიზანმიმართულ მოქმედებებს ჰგავს.

-          თქვენი აზრით, მიზანმიმართულად რატომ უნდა ებრძოლონ “დილას”?

-          არ ვიცი. ახლა ექვსეულში შესვლის საკითხი წყდება და... მე ასე ხელაღებით ვერაფერს დავამტკიცებ. რაც მოხდა, მოხდა. “ვიტ ჯორჯიასთან” ჩემს საქციელსაც არ ვამართლებ. ჩვენი, ფეხბურთელების ბრალია. ვერ ვთამაშობთ ისე, როგრც საჭიროა.

“დილა” მეშვიდე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება რუსთავის “მეტალურგს”. ექვსეულში ან გორელები შევლენ, ან რუსთაველები და ბოლო ტურში, 16 მარტს რუსთაველები თბილისში “დინამოს” ესტუმრებიან, ხოლო გორელებს გასვლა ელით მარტვილში “მერანთან”. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ექვსეულში “დილა” შევა.

0.103912