საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ალექსანდრე იაშვილი, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, მალტასთან და ლატვიასთან მაქსიმალურ შედეგს გეგმავს, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული აქვს, რომ მეტოქეების შეუფასებლობა არ შეიძლება.
“ჩვენ უნდა მოვიგოთ ორი შეხვედრა მალტასთან და ლატვიასთან, მაგრამ თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ მეტოქეები სათანადოდ არ შევაფასოთ. ბუნებრივია, მალტასთან ფავორიტები ვართ, მაგრამ 100-პროცენტიანი შედეგი გვჭირდება, რათა ნაბიჯი გადავდგათ ოცნებისკენ, რასაც ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ჰქვია. ლატვია კარგი გუნდია, რომელსაც ევროპის პირველობაზე უთამაშია და რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე ჰყავს”, - იუწყება ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი იაშვილის სიტყვებს.
შესარჩევი ციკლის წაუგებლად დაწყების მიუხედავად, “კარლსრუეს” კაპიტანი თვლის, რომ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი ორ გუნდს აქვს:
“ხორვატია ჩვენი ჯგუფის საუკეთესო გუნდია ცალკეული ფეხბურთელებიდან გამომდინარე. არ შეიძლება საბერძნეთის იგნორირება. ვფიქრობ, პირველი ადგილისთვის ეს ორი გუნდი იბრძოლებს. ჩვენ გვინდა საკუთარი გულშემატკივრები გავახაროთ და უნდა შევეცადოთ, სახლში რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. ეს დაგვანახებს, თუ რა შეგვიძლია ამ გზაზე”.
ფიფას ვებ-გვერდთან საუბრისას, იაშვილმა ევრო-2012-ის შესარჩევში საბერძნეთთან და ისრაელთან ჩატარებული შეხვედრებიც გაიხსენა:
“საბერძნეთთან შეხვედრაში პირველი ტაიმი მოვიგეთ და ქულაზე მეტს ვიმსახურებდით. მიუხედავად ამისა, ფრით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ჩვენი უმთავრესი მიზანი საშინაო მატჩების მოგებაა. ისრაელთან შეხვედრაში უკეთესად ვთამაშობდით და ამიტომ, გულდაწყვეტილნი ვიყავით, რომ ვერ გავიმარჯვეთ”.
ეროვნულ გუნდში 58 მატჩის ჩამტარებელი და 14 გოლის გამტანი ფეხბურთელი თვლის, რომ კალაძესთან და კობიაშვილთან ერთად, ნაკრების ლიდერთა რიცხვს მიეკუთვნება:
“ვფქირობ, რომ გუნდში ლიდერის როლი მაკისრია. ლევან კობიაშვილთან და კახა კალაძესთან ერთად, ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ვარ. ჩვენ ვდილობთ, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის, მისაბაძი მაგალითი გავხდეთ”.
სანაკრებო თემის გარდა, იაშვილი საკლუბოსაც შეეხო:
“დღესდღეობით, ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო ვართ, რადგან იმაზე მეტი ქულა უნდა გვქონდეს, რაც გვაქვს. კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ეს, მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. მე ვიცი, რომ ყოველთვის შემიძლია ჩემი თამაში გავაუმჯობესო, მაგრამ კმაყოფილი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როდესაც საერთო მიზანს მივაღწევთ”.
“კარლსრუეს” კაპიტანმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას აპირებს:
“საქართველო ჩემი სახლია. იქ ოჯახი და ბევრი მეგობარი მყავს. როგორც კი თამაშს თავს დავანებებ, საქართველოში დაბრუნება მინდა. თუმცა, ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, რომ გერმანიის მადლობელი ვიყო. ჩემი ბავშვები ამ ქვეყანაში დაიბადნენ და ის ჩემთვის მეორე სახლია”.
ლაშა თაბაგარი