ფეხბურთი

13:45 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: “შევეცდებით “ყარაბაღი” ქულების გარეშე დავტოვოთ”

ბაქოს “ინტერის” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა azerisport.com-თან საუბარში განაცხადა, რომ მომდევნო ტურში მისი გუნდი გათამაშების ლიდერ აგდამის “ყარაბაღთან” აუცილებლად გამარჯვებას შეეცდება.

- აზერბაიჯანის თასზე “ნეფთჩისთან” ჩატარებულ პირველ მატჩს როგორ შეაფასებთ?

- ვფიქრობ, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ასეთი თამაშის ფონზე უნდა მოგვეგო. თუმცა, ეს იმედგაცრუების მიზეზი არაა, რადგან საპასუხო შეხვედრა დაგვრჩა. ახლა, “ყარაბაღთან” თამაში გველის, რომელიც სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეგიმცირდათ, რადგან სტუმრად გოლის გატანა ხელს მეტოქეს აძლევს?

- არ გეთანხმებით. ბოლო მატჩი “ნეფთჩისთან” პრემიერლიგაში სტუმრად 2:2 დავასრულეთ. თუ ისე ვითამაშებთ როგორც პირველ შეხვედრაში, ნახევარფინალში გავალთ.

- თქვენი აზრით, 2:2 შედეგი შესაძლოა განმეორდეს?

- ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. “ნეფთჩი” კარგი გუნდია და შესაბამისად ბოლომდე იბრძოლებს.

- “ინტერისა” და “ნეფთჩის” ფეხბურთელები რას ვერ იყოფენ? თქვენზე ხშირად მოედანზე ურთიერთობას არცერთი გუნდის ფეხბურთელები არ არკვევენ.

- არ ვიცი, ჩვენ გუნდებს შორის ასეთი რამ ხშირად რატომ ხდება. ორივე გუნდს გამარჯვება სურს და ყოველი მატჩი პრინციპულია. ამას ბევრი რამ უკავშირდება. თუმცა, მთავარია, რომ რაც ხდება, მოედნის ფარგლებს გარეთ არ გადის. მაგალითად, შეამჩნევდით, რომ მატჩის მერე ერთმანეთს კულტურულად ხელი ჩამოვართვით.

- “ყარაბაღის” სასტარტო შემადგენლობის უმრავლესობამ სათასო მატჩში არ ითამაშა, როდესაც “ინტერს” ასეთი ფუფუნების უფლება არ ჰქონდა.

-  ვფიქრობ, “ყარაბაღთან” თამაშისთვის გუნდი ძალებს აღიდგენს. ჩვენ არცთუ იოლი მატჩი გველის, რადგან პრემიერლიგის ლიდერს ვეთამაშებით. ჩემპიონატში მესამე ადგილზე ვართ და მინიმუმ ხელიდან მისი გაშვება არ გვინდა.

- ბოლო ორ შეხვედრაში აგდამელებმა “ნეფთჩისა” და “ბაქის” ოთხი გოლი გაუტანეს. თქვენ შემთხვევაში როგორ იქნება?

- “ყარაბი” ბოლო ტურებში ძალიან კარგად თამაშობს. ამის მიუხედავად, გამაჯვებისთვის ვიბრძოლებთ და შევეცდებით 26-ე ტურში აგდამელები ქულების გარეშე დავტოვოთ. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს “სუმგაითს” ვეთამაშებით თუ “ყარაბაღს”, რადგან ერთი ამოცანა გვაქვს – გამარჯვება.

0.887454