ფეხბურთი

20:47 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე იაშვილი: "შესაძლოა, ახალ წლამდე ვითამაშო"

 

ალექსანდრე იაშვილს კარიერა ჯერ არ დაუსრულებია. 36 წლის შემტევმა "მსოფლიო სპორტთან" ვრცელ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე დაეხმაროს ბაქოს "ინტერს" და არაა გამორიცხული, დეკემბრამდეც ითამაშოს. ანუ, იაშვილი მაქსიმუმ დეკემბერში დაასრულებს კარიერას.

"აკუნას" ქართული ფეხბურთის პრობლემებზეც ვესაუბრეთ:

- ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ. შესაძლოა, "ინტერს" ევროტურნირებზე დავეხმარო, ან სულაც დეკემბრამდე ვითამაშო. მაქსიმუმ დეკემბრამდე. მთელ სეზონს აღარ ჩავატარებ.

- "ინტერის" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გთხოვათ, რომ დარჩენილიყავით?

- დიახ. ცხადაძემ მთხოვა, მაინც დავფიქრებულიყავი, ხომ არ სჯობდა კიდევ რამდენიმე თვე მეთამაშა.

- "ინტერი" აზერბაიჯანში მეორე ადგილზე გავიდა. თავიდან ცუდად დაიწყეთ და აუტსაიდერთა შორის იყავით. ცუდი სტარტი რომ არა, როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა "ყარაბახისთვის" გადაგესწროთ?

-  მართლაც უცნაური იყო, რომ ასე ცუდად დავიწყეთ. 6 მატჩის შემდეგ, 1 მოგება და 5 წაგება გვქონდა. ცუდი სტარტი რომ არა, ნამდვილად შეიძლებოდა ჩემპიონობა. და მაინც, მთლიანობაში კარგი სეზონი გამოვიდა გუნდისთვის.

- გერმანიის II ბუნდესლიგიდან აზერბაიჯანში გადახვედით. როგორი გამოდგა აზერბაიჯანის ჩემპიონატი – რასაც ელოდით, იმაზე უკეთესი თუ უარესი?

- მოსალოდნელზე ბევრად უკეთესი. არ მეგონა, ასეთი დონე თუ იქნებოდა. ეს ეტყობა თამაშებს, ტემპს.

- საქართველოს ჩემპიონატზე წარმოდგენა გაქვთ. როგორ შეადარებდით აზერბაიჯანისას?

- სამწუხაროდ, აშკარა განსხვავებაა. აზერბაიჯანში გაცილებით ბევრი და ხარისხიანი ლეგიონერია. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანული კლუბები ფინანსურად გაცილებით მყარად არიან, ვიდრე ქართულები. მოედნების პრობლემაც გვარდება, ბოლო დროს აშენებენ და სულ უფრო მეტი კარგი სტადიონია. ბევრია ხელოვნურსაფარიანი, მაგრამ ისიცაა, რომ ცუდ ბუნებრივს კარგი ხელოვნური სჯობს.

- კახა ცხადაძეს, როგორც მწვრთნელს, როგორ დაახასიათებდით? რა თავისებურებები აქვს?

- კახასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ როგორც მწვრთნელთან, პირველად შარშან მომიწია საქმიანობა. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ასეთი დონის მწვრთნელი თუ იქნებოდა. თავისი საქმის დიდი პროფესიონალია, ყველაფერს დეტალურად უხსნის ფეხბურთელებს, იცის, ვის როგორ მიუდგეს. მეტოქის თამაშის განხილვას საკმაო დროს უთმობს, რაც გვეხმარება. კარგად აქვს დაყენებული დისციპლინა როგორც მოედანს მიღმა, ასევე თამაშისას. პრინციპში, შედეგი მოწმობს: აზერბაიჯანში "ინტერს" 4 თუ 5 კლუბი უსწრებს ფინანსებით, მაგრამ ცხადაძის გუნდი სულ სამეულში ხვდება, ერთხელ კი ჩემპიონიც გახდა. გასულ სეზონშიც, ცუდი სტარტის შემდეგ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მეორე ადგილზე გავიდოდით.

-  რამდენად გრძნობთ დაფასებას აზერბაიჯანში?

- ეს იგრძნობა. აღნიშნავენ, აი, ამხელა კარიერის მქონე ფეხბურთელი, რომელმაც გერმანიაში 16 წელი გაატარა, აზერბაიჯანში ჩამოვიდაო. 

- ასაკს გრძნობთ? დაღლილობის მხრივ როგორ არის საქმე?

-  არა, ვერ ვიტყვი. სეზონში 2 მატჩის გარდა, ყველა შეხვედრაში ვითამაშე თავის  ევროტურნირებიანად.  

- როგორც შევიტყვეთ, ლევან კობიაშვილთან ერთად აპირებთ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მუშაობას. რა კუთხით?

- ჯერ ვთამაშობ და ვერ გეტყვით. როცა კარიერას დავასრულებ, მერე შემეძლება თქმა, რას გავაკეთებ.

- მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და საინტერესოა, ვის ქომაგობს ალექსანდრე იაშვილი, რას ელის მუნდიალისგან, ვინ მიაჩნია ფავორიტად.

- გერმანიას ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემპიონობა გაუჭირდება. ძალიან რთული იქნება პროგნოზის გაკეთება. ხშირად ყოფილა, ნაკრებს ბრწყინვალედ გაუვლია შესარჩევი ეტაპი და ჩემპიონატზე თავი ვერ გამოუჩენია. პირიქითაც არაერთხელ ყოფილა, როცა არ ელოდები გუნდისგან რამეს და გაგაკვირვებს კარგი თამაშით. ვფიქრობ, ბრაზილია ერთ-ერთი ფავორიტე იქნება, მასპინძელია და ეს ცოტას არ ნიშნავს. იტალია ყოველთვის იტალიაა... ვნახოთ, მთავარია, კარგი ჩემპიონატი იყოს, ბევრი სანახაობრივი მატჩით.

- საქართველოს ნაკრების ჯგუფი შეაფასეთ ევრო-2016-ს შესარჩევში.  

- რეალურად რომ შევხედოთ, გერმანია აშკარა ფავორიტია, დანარჩენი ადგილების განაწილებაზე კი მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება. კარგია, რომ მესამეადგილოსანსაც შანსი აქვს. ეს უნიკალური შანსია და ვნახოთ. აქვე შევეხები 19-წლამდელთა ნაკრების გამარჯვებას შვეიცარიასთან. ამ მატჩმა აჩვენა, რომ საქართველოში ფეხბურთელთა რესურსი არის და არაფრის იმედი არ უნდა დავკარგოთ.

- დაასახელეთ საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩი, რომლის შემდეგაც ყველაზე ბედნიერი და ამაყი იყავით.

- ჩემთვის ყოველთვის გუნდური წარმატება იყო მთავარი და არა – პირადი. განსაკუთრებულად ბედნიერი ვიყავი 3 წლის წინ ხორვატიასთან 1:0 გამარჯვების შემდეგ. ასეთ ძლიერ ნაკრებს მოვუგეთ და შანსი დავიტოვეთ.

0.126964