ბაქოს “ინტერის” შემტევმა ალექსანდრე იაშვილმა azerisport.com-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ განვლილ ტურში “ნეფთჩისთან” ქულების დაკარგვა მათი ბრალია და მომავალ მატჩში “ბაქისთან” იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვან.
- “ნეფთჩისთან” ასეთი დაძაბული მატჩის შემდეგ, “ბაქისთან” ძალების აღდგენას მოასწრებთ?
- უნდა მოვასწროთ. მეტოქეც არაა იოლ სიტუაციაში. “ბაქიმ” ლენქორანში ითამაშა. რთული თამაში გველის.
- კიდევ ერთი წაფორხილების გეშინიათ?
- სამეულში მოხვედრა თუ გვინდა უშუალო კონკურენტები უნდა დავამარცხოთ. “ნეფთჩისთან” მატჩში სამეულში მოხვედრის შანსი ხელიდან გავუშვით, ხოლო “ბაქისთან” ამის გაკეთება არ შეიძლება.
- თქვენი აზრით, სეზონის ბოლოს ლიდერთა სამეული როგორი იქნება?
- სერიოზული კონკურენციაა. სეზონის ბოლოს რა იქნება, ახლა ამის განსაზღვრა ძალიან ძნელია. “ხაზარ-ლენქორანიც” კი, რომელიც ახლა ჩამორჩება, შეეცდება სამეულში მოხვედრისთვის იბრძოლოს. თუ სეზონის ბოლომდე მეტოქეებზე ნაკლებ შეცდომებს დავუშვებთ, საპრიზო სამეულში ვიქნებით.
- “ნეფთჩისთან” მატჩის შედეგით კმაყოფილი ხართ?
- “ნეფთჩი” კარგი გუნდია, რომელსაც ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ჩვენ ორი ქულა ვაჩუქეთ. ბუნებრივია, შედეგით გულდაწყვეტილი ვარ. ანგარიში ორჯერ მიგვყავდა. მეორე გოლი 81-ე წუთზე გავიტანეთ და თამაში ლოგიკურ შედეგამდე უნდა მიგვეყვანა.
- რა დაგაკლდათ?
- ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ და ორი ქულა დავკარგეთ. თუმცა, მთავარია, რომ კარგად ვთამაშობთ და ქულებს ყოველ შეხვედრაში ვაგროვებთ. წინ “ბაქისთან” მატჩი გველის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
- მატჩის ძირითად დროს მსაჯმა მხოლოდ ერთი წუთი დაამატა. ამ ფაქტმა გერმანია ხომ არ გაგახსენათ, სადაც ჩვეულებისამებრ მსაჯი ცოტა დროს ამატებს?
- ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. რა ვქნათ მსაჯმა თუ ასე გადაწყვიტა? მაინც ვერაფერს შევცვლით. ეს თამაში მხოლოდ იმით დამამახსოვრდება, რომ ორი ქულა საკუთარი ხელით დავკარგეთ.