“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მისი ამჟამინდელი გუნდის შემადგენლობა უფრო ძლიერია, ვიდრე 1999 წელს იყო, როდესაც მანჩესტერელებმა ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ჩემპიონატი და ასოციაციის თასი მოიგეს.
“მახსოვს, 1998/1999 წლების სეზონის დეკემბერში “მიდლსბროსთან” წავაგეთ და მას შემდეგ არ წაგვიგია. იმ სეზონში ინგლისის თასის გათამაშება ნამდვილად რთული იყო, რადგან ყოველ რაუნდში პრემიერლიგის გუნდები გვიპირისპიდებოდნენ. სასიამოვნოა იმის გახსენება, თუ მათ როგორ ვუმკლავდებოდით, როდესაც ისეთი ძლიერი ფეხბურთელები არ გვყავდა, როგორც ახლა.
შემადგენლობის მხრივ, ამჟამად სულ სხვა სიტუაცია გვაქვს. 1999 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, კინი და სკოულზი დისკვალიფიცირებულნი იყვნენ, ხოლო ჰენინგ ბერგი ტრავმირებული გახლდათ. მე ჯონათან გრინიგის გამოყენება მომიწია, რომელმაც მანამდე ერთი თუ ორი მატჩი ჩაატარა. მან ოქროს მედალი სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის მიიღო. აქედან გამომდინარე, შეადარეთ გუნდის ამჟამინდელი და მაშინდელი შემადგენლობები.
ოთხშაბათს, “რეალთან” მატჩში სავსებით სხვა შემადგენლობის გამოყვანა შემეძლო და ვფიქრობ, შედეგს მაინც მივაღწევდით. ამჟამად, შემიძლია არა მხოლოდ შეტევის ხაზის ოთხი მოთამაშე ვცვალო, არამედ, მთელი გუნდი. ჩვენ სათადარიგოთა სკამზე გვყავდა ფეხბურთელები, რომლებიც თავის ნაკრებებში კარგად თამაშობდნენ. “რეალი” რომ ჩამოვა, სხვა შემადგენლობა გვეყოლება. ერთი, ორი ან სამი ფეხბურთელი, რომელთაც ოთხშაბათს არ უთამაშიათ, საპასუხო მატჩში ითამაშებენ. როგორც ერთხელ ვთქვი, რადგან მყავს ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარ ნაკრებებში თამაშობენ, რატომ არ უნდა ვენდო მათ?”