ფეხბურთი

18:45 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ “იუვენტუსის” უპირატესობა აღიარა, გალიანიმ – არა

სერია A-ს 33 ტურში, “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გასამართი მატჩის წინ, სტუმართა მთავარი მწვრთნელი და ვიცე-პრეზიდენტი კომენტარებს აკეთებენ. მასიმილიანო ალეგრი აღიარებს, რომ “იუვენტუსი” იტალიის საუკეთესო გუნდია, ადრიანო გალიანი კი აცხადებს, რომ მილანელები ტურინელებს არ ჩამოუვარდებიან.

“იუვენტუსი” კარგად ორგანიზებული გუნდია. ტურინელებს ჩემპიონობის რაც შეიძლება მალე გაფორმება უნდათ. ასე რომ, ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან. თუმცა, ეს თამაში ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის საგზურის განაღდებისთვის ვიბრძვით. ჩემის აზრით, გუნდები მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ.

ჩვენი მეტოქე იტალიის საუკეთესო გუნდია. რატომ? იმიტომ, რომ ტურინელები ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობენ და უახლოეს მდევარს ისინი 11 ქულით უსწრებენ.

რაც შეეხება “მილანში” ჩემს მომავალს – მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა. ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბოლო დროს, გუნდმა თამაში გამოასწორა. ასე რომ, მომდევნო სეზონში, დიდი ამბიციები გვექნება.” – აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.

“სეზონის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, ჩვენ და “იუვენტუსი” ერთ დონეზე ვიყავით. მომდევნო სეზონი ჩვენ და ტურინელებმა იგივე შემადგენლობებით რომ დავიწყოთ, რომლებიც ახლა გვყავს, პირველი 8 ტურის შემდეგ სხვაობა 15 ქულა აღარ იქნება.

გუნდის კონკურენტუნარიანობა ხანგრძლივი დროის შეფასების შემდეგ დგინდება. ყველა იტალიური რეიტინგის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, სერია A-ში, ყველაზე მეტი ქულა “მილანმა” აიღო.

ხვალ, “იუვენტუსის” დამარცხებას შევეცდებით. ბოლო სეზონებში, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოდით და ახლაც იგივეს ვაპირებთ.” – ეს უკვე ადრიანო გალიანის სიტყვებია.

0.111444