ფეხბურთი

12:45 | 31.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილის მესამე დუბლი, თარხნიშვილის გოლი, დაუშვილის წითელი

 

გიორგი ალავერდაშვილმა მორიგი დუბლი შეასრულა ლიტვის ჩემპიონატში - რიგით მესამე დუბლი, არადა ჯერ 4 ტურია გასული. თანაც, როგორც უკვე ვწერდით, ალავერდაშვილს კლუბი უნდა გამოეცვალა, რადგან "ბანგა" დაიშალა.

და აი, ალავერდაშვილი ერთი დღის გადასული იყო "შიაულაიში", ერთხელ ივარჯიშა, მეორე დღეს ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. "ატლანტასი"-"შიაულაი" 1:3 დასრულდა. გიორგის გუნდი აგებდა, მაგრამ ქართველმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა 66-ე წუთზე, შემდეგ კი ბოლო წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

4 მატჩში 6 გოლი - ალავერდაშვილი ლიტვაში ბომბარდირთა შორის ლიდერია.

თორნიკე თარხნიშვილმა ლატვიის ჩემპიონატის პირველ ტურში გოლი გაიტანა. მისმა "ვენტსპილსმა" შინ 4:0 სძლია "ელგავას", ქართველმა საყრდენმა შეუცვლელად ითამაშა და გოლი 68-ე წუთზე მიითვალა, რითაც 3:0 გახადა ანგარიში. თორნიკემ ახლო მანძილიდან ფეხით შეაგდო.

ლვოვის "კარპატიმ" შინ 1:2 წააგო დონეცკის "შახტართან". ლევან ყენიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბუბა დაუშვილი 82-ე წუთზე გააძევეს - მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი უხეშობისთვის, მეორე კი, ხელით თამაშისთვის.       

ყენიას ერთ პასს გამოვარჩევთ, რომელიც უკრაინელმა კომენტატორმა მატჩის მომენტად მონათლა. ლევანმა ქუსლით პირისპირ დატოვა თანაგუნდელი პაველ ქსიონზი და "შახტარის" მეკარემ გადაარჩინა გუნდი. "კარპატი" მე-12 ადგილზეა.

უნგრეთში გივი იოსელიანის "კეშკემეტიმ" შინ 0:2 წააგო "პეჩთან". იოსელიანი 63-ე წუთზე შეიყვანეს, როცა ანგარიში 0:1 იყო. თამაში საშინელ ამინდში ჩატარდა. იოსელიანმა ყვითელი ბარათიც მიიღო კონტრშეტევის ჩაშლისთვის.

"კეშკემეტი" მე-12 (ბოლოდან მეხუთე) საფეხურზეა.

0.201047