რუმინეთის მეოთხეადგილოსანი "პანდურიის" ქართველი ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი კლუბის საიტთან საუბარში ამბობს, რომ ახალ გუნდში გადმოსვლით კმაყოფილია და თავს თუ გამოიჩენს, უკეთეს ჩემპიონატში გადასვლის შანსიც ექნება.
"საკონტროლო შეხვედრები ჩავატარე, თუმცა ოფიციალურ მატჩში დებიუტს მოუთმენლად ველი. იმედია, თამაშის ხარისხს გავაუმჯობესებ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ და ვფიქრობ, "პანდურიი" ის კლუბია, რომელიც კარიერაში წინსვლაში დამეხმარება. რუმინეთში ცოტა ხანი დავყავი, რადგან ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში თურქეთში წავედით შეკრებაზე. რაც ვნახე, რუმინეთი ლამაზი ქვეყანაა. ქალაქი ტირგუ ჟიუ პატარა, მაგრამ კოხტაა. მოხარული ვარ აქ გადმოსვლით. ხალხიც თბილია, ისევე როგორც ჩემს სამშობლოში. იმედია, რუმინულ ენას მალე ვისწავლი, რათა პარტნიორებს იოლად ვესაუბრო. ხუთ-ექვს ფეხბურთელს ესმის ინგლისური, ასე რომ, რუმინულის სწავლა მომიწევს".
ალავერდაშვილი ამჟამად თბილისშია - სამუშაო ვიზის გასაკეთებლად ჩამოვიდა. ამასთან, გიორგის მცირე ტრავმა აქვს და როგორც ამბობს, რუმინეთის ჩემპიონატის საწყისი ორი ტურის გამოტოვება მოუწევს. ჩემპიონატი 22 თებერვალს განახლდება.