ფეხბურთი

16:48 | 17.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ალავერდაშვილი რუმინულ "ტირგუ მურეშში" გადადის

 

25 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ალავერდაშვილი რუმინეთის ლიგა 2-ის კლუბ "ტირგუ მურეშში" ითამაშებს. ტირგუ მურეში ისტორიულ ტრანსილვანიაშია. ამ ქალაქის კლუბს ორი კვირის წინ ახალი მწვრთნელი დაენიშნა - ედი იორდანესკუ, რომელიც რუმინეთის ყველა დროის საუკეთესო სპეციალისტის, ანგელ იორდანესკუს (რომელსაც გენერლის წოდება აქვს და საერთოდ, გენერალ იორდანესკუთი მიმართავენ) შვილი გახლავთ.

ალავერდაშვილმა "მსოფლიო სპორტს" უთხრა, რომ ლიტვის რამდენიმე კლუბში გადასვლის ვარიანტი ჰქონდა, თუმცა არ შეეძლო - ერთ სეზონში ლიტვის სამ კლუბში თამაში არ გამოდიოდა, აკრძალულია. ასევე, ვერ გადავიდოდა ისეთ ჩემპიონატში, სადაც გაზაფხულ-შემოდგომის სისტემაა, რადგან ორ გუნდში (ლიტვის "კრუოია" და "შიაულიაი") ნათამაშები აქვს.

ალავერდაშვილი: "სამედიცინო შემოწმება გავიარე და 1+2-წლიან კონტრაქტს გავაფორმებ. ყველაფერი შეთანხმებულია. მშვენიერი პირობებია მოსამზადებლად და მთავარიც: "ტირგუ მურეში" უმაღლესში გადასვლის N1 პრეტენდენტია. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ გუნდი გაისად უმაღლესში იქნება. სხვაგანაც გასინჯვას მთავაზობდნენ და დროის დაკარგვა აღარ მინდა".

შეხსენებისთვის, ალავერდაშვილს ლიტვაში მშვენიერი შედეგიანობა ჰქონდა. შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარი "ბანგაში" გაატარა და 15 მატჩში 11 გოლი გაიტანა, წლეულს კი "კრუოიასა" და "შიაულიაიში" ჯამში 13 მატჩში 9 გოლი მიითვალა. ასევე, 4 გოლი თასზეც გაიტანა - მისმა "შიაულიაიმ" ფინალი "ჟალგირისთან" პენალტების სერიაში წააგო.


0.138162