1994 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბავშვთა გუნდი პირველად კოტე დოლიძის თაოსნობით გაემგზავრა დანიაში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ბავშვთა საერთაშორისო ტურნირზე - დანა ქაფზე (850 გუნდი) და ვერცხლის მედლები მოიპოვა! იმ გუნდიდან ისევ თამაშობს ზურაბ მენთეშაშვილი ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში!
ეს ტურნირი 1982 წლიდან ტარდება პატარა ჰიორინგში, სადაც სულ 25 ათასი კაცი ცხოვრობს, მაგრამ 80-მდე საფეხბურთო მოედანი (!) აქვთ და ტურნირზე ქალაქის მოსახლეობა ზუსტად ორმაგდება: 25 ათასი (11 დან 18 წლამდე) ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩამოდის სათამაშოდ 60 ქვეყნიდან. თავის დროზე ამ ტურნირზე უთამაშიათ ბრიან ლაუდრუპს, პეტერ შმაიხელს და დანიის ყველა ცნობილ ფეხბურთელს, ნვანკვო კანუს და ნიგერიის დიდ თაობას, ბრაზილიელ ზე რობერტოსა და ჟულიო ბაპტიშტას, რუს დმიტრი სიჩოვს, ჩავი ერნანდესს, ანდრეა პირლოს და უამრავ სხვა ვარსკვლავს. მას მერე უკვე მეოცე წელია, ამ ტურნირზე ქართული გუნდები დადიან და ზაზა დიდებაშვილის მეთაურობით 5-ჯერ მოიგეს ოქროს მედლები, 4-ჯერ ფინალში გავიდნენ და რამდენჯერმე ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ. ასეთი ტურნირები იმიტომაცაა მნიშვნელოვანი ქართული ბავშვთა გუნდებისთვის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა მაღალ დონეზე იყო აწყობილი ბავშვთა და ჭაბუკთა საერთაშორისო სატურნირო სისტემა (ტყავის ბურთი, სიჭაბუკის თასი, გადასასვლელი თასი, სპარტაკიადები თუ სხვა ასაკობრივი საკავშირო ასპარეზობები), ჩვენი გუნდები ადრეული ასაკიდანვე ხვდებოდნენ უკრაინის, რუსეთის, ბალტიისპირეთის, შუა აზიის, ამიერკავკასიის და სხვა საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებს, ყველას სხვადასხვა სათამაშო სტილი გააჩნდა და ჩვენები მათთან ბრძოლაში ბავშვობიდან ოსტატდებოდნენ. ახლა კი ფაქტობრივად საკუთარ წვენში იხარშებიან და ოდენ 16-17 წლისებს უწევთ საერთაშორისო თამაშები და ისიც - სანაკრებო დონეზე, ამიტომაც მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ევროპულ გუნდებს ბევრ ასპექტში, ამგვარი ტურნირები კი აუცილებელი საშუალებაა სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებთან შერკინებისა და ოსტატობის გაზრდისა. ქართველებიდან დანა ქაფზე უთამაშია ბევრ ახლა წარმატებულ ფეხბურთელს, ამ ტურნირის ოფიციალური საუკეთესო მოთამაშეები კი გამხდარან: გოჩა ხოჯავა (1995 წ.), სანდრო მოლოდინი (1998 წ. სამწუხაროდ, იგი ჩამოშორდა ფეხბურთს), გიორგი ჭანტურია (2006 წ, რომელიც მაშინ მოხვდა მრავალი სკაუტის წიგნაკში), თორნიკე ქართლელიშვილი (2008 წ. დაანება თავი ფეხბურთს), ირაკლი ბიძინაშვილი (2010).
სტატია კი შარშანდელი უნიკალური ამბავით მინდა დავამთავრო - 1997 წელს დაბადებულთა ტურნირის 1/32-ფინალში საქართველოს უნივერისტეტისა და ნორვეგიულ სკანდსმოს შეხვედრაში ისეთი რამე მოხდა... ტურნირის ჟიური საგანგებოდ შეიკრიბა და ქართული გუნდებისთვის მეტად უჩვეულო და საამაყო განჩინება გამოიტანა: ნორვეგიელები ორი ავტობუსით წამოსულან თამაშზე და ერთს დაუგვიანია, ამიტომ მოედანზე 9 კაცით გამოვიდნენ. როცა ჩვენმა მწვრთნელმა ზაზა დიდებაშვილმა იკითხა, რა ხდებაო, მსაჯმა უთხრა – მატჩს ვერ გადავდებ, 9 კაცით ითამაშებენ, თქვენ კი ჩვეულებისამებრ, 11 ფეხბურთელი გამოიყვანეთო. ზაზამ თარჯიმნის პირით უთხრა – ჩემს ცხოვრებაში არაკაცური არაფერი ჩამიდენია და არც ეგეთი მოგება მინდა, დაველოდოთო! მსაჯმა არ ქნა, მაშინ დიდებაშვილმა 2 კაცი მოაკლო გუნდს და 9 კაცითვე დაიწყო თამაში! ნორვეგიელები გადაირივნენ, მწვრთნელებიან-მშობლებიანად მობილურები მოიმარჯვეს და ყველამ რეკვა ატეხა – როგორც აღმოჩნდა, დანიის და ნორვეგიის ფედერაციებში რეკავდნენ, მსგავსი საქციელი არ გვახსოვს და მადლობა გვინდა ოფიციალურად გამოვუცხადოთო! დანა ქაფის ჟიურიმ კი მატჩის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა – ამ ტურნირის 30-წლიან ისტორიაში მსგავსი ნაბიჯი არავის გადაუდგამს და ქართველი მწვრთნელი ფეარ პლეის საგანგებო თასით დავაჯილდოვეს! იმ ვაჟკაცურ ორთაბრძოლაში ჩვენებმა სკანდსმო 3:2 დაამარცხეს, ზაზა დიდებაშვილის სახელი კი ტურნირზე ყველას პირზე ეკერა და ყველა ცდილობდა მისთვის მადლობის ნიშნად ხელი ჩამოერთმია...
წელს დანა ქაფზე (850 გუნდი) და გოთია ქაფზე (გიოტებორგი, 1600 გუნდი!) სამი ქართული გუნდი გაემგზავრება საქართველოს უნივერსიტეტის სახელით 1996-97, 1998 და 1999-2000 წლებში დაბადებული ბიჭები, იმედია, წარმატებით იასპარეზებენ, უცხოელ სკაუტებსაც თავს მოაწონებენ და რაც მთავარია - ზაზა მასწავლებლისგან კაცური კაცობის გაკვეთილებს მიიღებენ!
მამუკა კვარაცხელია