ავტოსპორტი

21:27 | 20.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

აკროპოლისის რალი ოჟიემ მოიგო

„სიტროენის“ ფრანგი სებასტიან ოჟიეს გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - აკროპოლისის რალი. რბოლის ბოლო სპეცმონაკვეთები განსაკუთრებით დაძაბული და საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ, ოჟიემ 10.5 წამით აჯობა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ სებასტიან ლოებს.

რბოლის ბოლო დღის დაწყებამდე, ლიდერი ლოები იყო, რომელიც თანაგუნდელს ორ წამზე ოდნავ მეტს უგებდა. შემდეგ მათ შორის სხვაობა 0.1 წამამდე შემცირდა. ბოლო, ჩქაროსნული სპეცმონაკვეთის წინ კი, მათ აბსოლუტურად ერთნაირი დრო ჰქონდათ. ბოლოს კი, ოჟიემ დარჩენილი მონკვეთი 10.5 წამით სწრაფად გაიარა და გამარჯვებულის შამპანურიც მან და მისმა თანაგუნდელმა ჟულიან ინგრასიამ გახსნეს.

„შესანიშნავი რბოლა იყო, რომელიც ჩემთვის საკმაოდ რთულად დაიწყო, რადგან რიტმში ვერაფრით შევდიოდი. მაგრამ მეორე დღეს მანქანა მოვთოკე და მას შემდეგ სპეცმონაკვეთი არ ჩამიგდია. რაც მთავარია, ის ბრწყინვალე შედეგით დავასრულე“, - ნარბოლევს განცხადა ოჟიემ, რომელმაც ჩქაროსნული ეტაპის მოგებისთვის, ბონუსის სახით, სამი ქულაც დაიმსახურა.

ამგვარად, ოჟიემ ლოების გამარჯვებათა სერია შეწყვიტა - მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, აკროპოლისამდე ორი რბოლა (იტალიასა და არგენტინაში) ჰქონდა მოგებული და საბერძნეთში ტრიუმფამდეც ცოტა დააკლდა. მიმდინარე სეზონში, ოჟიესაც და ლოებსაც 3-3 რბოლა აქვთ მოგებული, „სიტროენის“ ანგარიშზე კი შვიდიდან ექვსი გამარჯვებაა.

აკროპოლისში დაკავებული მეორე ადგილით, ლოებმა ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა. შვიდი ეტაპის შემდეგ, მის ანგარიშზე 146 ქულაა. მეორეზე „ფორდის“ ფინელი მიკო ჰირვონენია, ვინც საბერძნეთში მესამე ადგილს დასჯერდა (გამარჯვებულს13.5 წამით ჩამორჩა) და ახლა ლოებს 17 ქულით ჩამორჩება. მისგან ხუთ ქულაშია ოჟიე.

„შესანიშნავი პაექრობა გვქონდა. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რომ ვერ მოვიგე. რბოლაში სწორედ ჩვენ ვიყავით უსწრაფესები, მაგრამ ზოგჯერ საკმარისი არც ესაა“, - განაცხადა ლოებმა.

ახლა რალის მსოფლიო ჩემპიონატზე ხანგრძლივი პაუზაა. 28-31 ივლისს კი ის ფინეთის ათასი ტბის რალით განახლდება.

 

აკროპოლისის რალის შედეგები

1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)              4:04:44.300

2. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          +00:10.500  

3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          00:13.500   

4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                00:38.800   

5. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    05:24.700   

6. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                  06:54.700   

7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)                      08:29.400   

8. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, შკოდა)                             11:34.700   

9. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                  13:08.800   

10. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდი)                  15:10.100

 

პილოტთა კლასიფიკაცია

1. სებასტიან ლოები - 146 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 129; 3. სებასტიან ოჟიე - 124; 4. იარი-მატი ლატვალა - 76; 5. პეტერ სოლბერგი - 73; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია,ფორდი) - 48; 7. მეტიუ უილსონი - 36; 8. კიმი რაიკონენი - 24; 9. ჰენინგ სოლბერგი - 20; 9. ფედრიკო ვილაგრა (არგენტინ,ფორდი) - 20

           

კონსტრუქტორთა პირველობა

1. სიტროენ ტოტალ WRT - 250 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT - 195; 3. M-სპორტ სტობარტ ფორდ WRT - 87; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 61; 5. აის 1 რეისინგ - 34; 6. მუნჩი’ს ფორდ WRT - 32; 7. ტიმ აბუ დაბი - 19; 8. ფერმ პაუერტულზ WRT - 14; 9. მონსტერ WRT - 8; 10. ბრაზილ WRT - 1

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://formula1ge.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100472