დღეს გამთენიისას მექსიკის ქალაქ აკაპულკოში, თიხნარის კორტებზე დასრულდა მამაკაცთა და ქალთა საჩოგბურთო ტურნირები.
მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა ფინალურ მატჩში ძალზედ იოლად დაამარცხა თანამემამულე დავიდ ფერერი 2 სეტში 6:0, 6:2 და წლეულს უკვე მეორე ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა სულ რაღაც 65 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში "რაფამ" 5 ბრეიკი შეასრულა, არცერთი ეისი არ ჩაუწოდებია და 1 ორმაგი დაუშვა. ფერერმა თავისმხრივ 2 ბრეიკ პოინტიდან ვერცერთი ვერ გამოიყენა, 1 ეისის წილ კი 2 ორმაგი დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში წინ დიდი უპირატესობით ნადალი გახლავთ 17:4. რაფაელმა კარიერაში 52-ე ტიტული მოიგო. მან 291800 ამერიკულ დოლართან ერთად 500სარეიტინგო ქულაც მიიღო.
ქალთა ბადეში, ფინალურ მატჩში ერთმანეთს იტალიელი სარა ერანი და 24 წლის ესპანელი კარლა სუარეს ნავარო დაუპირისპირდნენ. ერანიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა 6:0, 6:4 და კარიერაში WTA-ს მეშვიდე ტიტული მოიპოვა
შეხვედრა 1 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში იტალიელმა 7-ჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, საკუთარი კი 3-ჯერ დათმო. ორივე ჩოგბურთელმა თითო-თითოჯერ ჩააწოდეს ეისი, ესპანელის ანგარიშზე 4 ორმაგი შეცდომაც გახლდათ.
ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში წინ სარა გახლავთ 5:3. დღევანდელი წარმატების შემდეგ ერანიმ 40000 ამერიკულ დოლართან ერთად 280 სარეიტინგო ქულაც დაიმახსოვრა.