აკაკი ხუბუტიამ სარანსკის “მორდოვიასთან” 1,5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 35 ნომრით ითამაშებს. “მორდოვია” რუსულ პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა.
სასტუმრო, სადაც “მორდოვიაა” დაბინავებული, ჩვენი “ატლანტისიდან” 7-8 კილომეტრის სიშორეზეა, ეს კი აქაურ კვალობაზე საკმაოდ ახლოა. აკაკის გუნდმა 3 დღის წინ დაიწყო თურქული შეკრება.
- საბოლოოდ, “მორდოვია”?
- ასე გამოვიდა. აქამდე სულ ვცდილობდი, შუა ან დასავლეთევროპულ გუნდებში გადავსულიყავი, თუმცა დრო ძალიან გაიწელა და საბოლოოდ, “მორდოვიას” ვარიანტს დავთანხმდი. უგუნდოდ ვრჩებოდი. იყო “პლზენში” გადასვლის შანსი, მაგრამ ასეთი შემთხვევა მოხდა: პირობები მითხრეს და წავედი, იქ რამდენიმე მატჩი ჩავატარე მეორე და მესამე ლიგის გუნდებთან. ფაქტობრივად, ეს გასართობი თამაშები იყო, 7:0 და 9:1-ს ვიგებდით. მოლაპარკებული გვქონდა და თავიდან რა პირობებიც მითხრეს, იმაზე ორჯერ ნაკლები შემომთავაზეს. ჩავთვალე, რომ ეს არასერიოზული მიდგომა იყო. თავის დამცირებას ჰგავდა.
- “მორდოვიას” მწვრთნელი წარსულში ცნობილი ფეხბურტელი დორინელ მუნტიანუა, რომელიც რუმინულ “ოცელულს” თავკაცობდა იმ დროს, როცა “გაზ მეთანში” თამაშობდით. მუნტიანუმ წაგიყვანათ “მორდოვიაში”?
- არა, მუნტიანუს პირადად არ ვიცნობდი, თუმცა როგორც ფეხბურთელი, ჩემი თამაშის შესახებ იცოდა. მისი გუნდის წინააღმდეგ მითამაშია. ძლიერი მწვრთნელია, დისციპლინის მოყვარული. წარმოიდგინეთ, “ოცელული” რუმინეთის ჩემპიონი გახადა. არადა, სხვა გუნდებს გაცილებით კარგი შემადგენლობა ჰყავდათ.
სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის