ფეხბურთი

13:05 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: “თურქეთის გუნდებისგანაც მაქვს წინადადებები”

 

აკაკი ხუბუტია რუსეთის პირველ დივიზიონში ერთხელ თვის საუკეთესო მცველად დაასახელეს, გასულ ტურში სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და საერთოდაც, “მორდოვიაში” ერთ-ერთი ლიდერია. ხუბუტიას გუნდი ლიდერია და თითქმის გადასულია პრემიერლიგაში, თუმცა აკაკიმ ჯერ არ იცის, მომდევნო სეზონსაც “მორდოვიაში” დაიწყებს თუ არა.

“მსოფლიო სპორტი” ხუბუტიას ესაუბრა და სანაკრებო ამბებზეც ჰკითხა:

ბოლო ტურში სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანეს, მანამდე კი ორი ტური და თასის მატჩი (“ტერეკთან”) გამოტოვეთ. რატომ?

- გუნდმა თითქმის გაინაღდა გადასვლა პრემიერლიგაში და მწვრთნელებმა სხვა ფეხბურთელებსაც მისცეს თამაშის საშუალება. რა თქმა უნდა, სკამზე ყოფნით კმაყოფილი არ ვიყავი. ისე, “მორდოვიაში” 4 ლეგიონერი ვართ და აქედან სამნი ნაკრების ფეხბურთელები: ჩემს გარდა, ბელარუსისა და ჩერნოგორიის ნაკრების წევრები.

კონტრაქტი სეზონის ბოლოს გიმთავრდებათ და რას აპირებთ?

- არ ვიცი. შესაძლოა, სხვა გუნდში გადავიდე. უფრო კონკრეტული საუბრები სეზონის ბოლოს იქნება. რუსეთის პრემიერლიგის გუნდების გარდა, თურქეთიდანაც მაქვს წინადადებები (ხუბუტიამ ერთი სეზონი გაატარა თურქულ სუპერლიგაში, “სამსუნსფორში” - ავტ).

თურქეთის რომელი გუნდებიდანაა წინადადებები?

- კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვით. ისედაც, ჯერ საუბრის დონეზეა. მეკითხებიან და ინტერესდებიან, როდის მიმთავრდება “მორდოვიასთან” კონტრაქტი და ასე შემდეგ.

“მორდოვია” რატომ არ გთავაზობთ ხელშეკრულების გაგრძელებას?

- საუბარი მიდის ზედაპირულად და ვნახოთ, როგორ შევთანხმდებით.  

ამ სეზონს პირადად თქვენთვის როგორ შეაფასებდით?

- კმაყოფილი ვარ იმდენად, რამდენადაც გუნდი პირველ ადგილზეა და 13-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. ყველა გადამწყვეტი მატჩი ვითამაშე, ანუ რაღაც წვლილი მეც შევიტანე წარმატებაში. ნაკრების თამაშებსაც თუ ჩავთვლით, ერთი წლის განმავლობაში 40 ოფიციალური მატჩი ჩავატარე. ასე რომ, სათამაშო პრაქტიკა მაქვს.

ნაკრებზეც: ლიხტენშტაინთან ითამაშეთ და როგორ შეაფასებდით მატჩს?

- ალბათ, გულშემატკივარს სანახაობრივად მოეწონებოდა თამაში, მაგრამ თუ გვსურს, რომ ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწიოთ, უნდა მოვუმატოთ. და მზად უნდა ვიყოთ წარმატებებისთვის.

რაში უნდა მოვუმატოთ ყველაზე მეტად?

- უფრო უნდა დავიხვეწოთ. ორგანიზებული თამაშის კუთხით მოსამატებელია.   

ევრო-2016-ის შესარჩევ ჯგუფზეც.

- მგონი, ახალს ვერაფერს ვიტყვი ისეთს, რაც არ თქმულა. რთული ჯგუფია, მაგრამ ისეთი გადაულახავიც არაა, როგორც წინა შესარჩევში იყო.

ირლანდია, პოლონეთი, შოტლანდია – ამ სამეულიდან რომელს მიიჩნევთ ყველაზე ძლიერად?

- დღესდღეობით, უფრო პოლონეთს. თუმცა, შესარჩევისას გამოჩნდება, გუნდურად ვინ უკეთ ითამაშებს.

0.138998