ფეხბურთი

17:46 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: "როგორც გავიგე, ვიღაც ჩარეულა და ჩემზე ცუდი ინფორმაციები მიუწოდებია "სელტიკისთვის"

აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" რუსეთის პრემიერლიგაში განწირული ჩანდა, თუმცა წლეულს გუნდმა 3 მატჩიდან 2 მოიგო, თანაც, შინ "ანჟისთან" (2:0) და სტუმრად "კრილია სოვეტოვთან" (2:0), ხოლო ერთადერთი თამაში "ზენიტთან" სტუმრად წააგო (0:1). რუსული პრესა "მორდოვიას" ქებაშია და აღნიშნავს, რომ ეს სულ სხვა გუნდია - გასულ წელთან შედარებით გაცილებით ძლიერი.

ხუბუტიაც სულ თამაშობს და მაღალ შეფასებებს იღებს.

"მსოფლიო სპორტი" აკაკის რუსეთში დაუკავშირდა და ინტერვიუს ბოლო ნაწილში აქამდე უცნობი ამბავის შესახებაც შეიტყო - გლაზგოს "სელტიკის" ვარიანტზე, რომელიც ზამთარში ჩაეშალა.

- "ანჟისთან" მოგება ევროპის წამყვან კლუბებსაც უჭირთ. რის ხარჯზე მოახერხეთ?

- თამაშის შემდეგ "ანჟის" ჰოლანდიელმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმაც თქვა, "მორდოვიას" უფრო სურდა მოგებაო. ჩვენმა მწვრთნელმა დორინელ მუნტეანუმ რაც დაგვავალა, ბოლომდე შევასრულეთ. თან, პირველი თამაში იყო შესვენების შემდეგ, ემოციური დატვირთვა დიდი იყო. ვფიქრობ, დღევანდელ ფეხბურთში მთავარია კონცენტრაცია და კონკრეტულ მატჩში დავალებების შესრულება. ეს თუ გააკეთე, დაუმარცხებელი არავინ მოგეჩვენება. სამწუხაროა, რომ "მორდოვია" ბოლო ადგილზე იყო და სულ 9 ქულა ჰქონდა. 8 ტურია დარჩენილი, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, პრემიერლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.

- სამუელ ეტოო, ჰალკი - ამ ორი ვარსკვლავის წინააღმდეგ ითამაშეთ...

- ჩემი დახასიათება რად უნდათ, ორივენი ძალიან მაღალი კლასისანი არიან. "ზენიტთან" უფრო ალექსანდრ კერჟაკოვის წინააღმდეგ მიწევდა თამაში. ვფიქრობ, კარგად გავართვი თავი ამოცანას. საერთოდაც, ვინც "ზენიტთან" თამაშს უყურა, ყველა მიიჩნევს, რომ წასაგები არ გვქონდა. კაცი გაგვიძევეს, თორემ, ალბათ, არც წავაგებდით.

- "მორდოვია" თუ გავარდა, თქვენი საკითხი როგორ იქნება?

- კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე მაქვს, თუმცა გავარდნაზე არ ვფიქრობთ. საერთოდ, გუნდში ყველანი ამ 8 მატჩზე ვფიქრობთ, რაც დარჩენილი გვაქვს.

- ფიქრობთ, რომ იმაზე უკეთეს ფორმაში ხართ, ვიდრე "გაზ მეთანში" იყავით?

- დიახ. "მორდოვიასთან" ერთად ისეთი შეკრებები გავიარე, როგორც არასდროს. ჯერ კვიპროსზე და მერე თურქეთში.

- მუნტეანუ რომ მაღალი დონის სპეციალისტია, ეს "ოცელულშიც" დაამტკიცა, რომელიც რუმინეთის ჩემპიონობამდე მიიყვანა. "გაზ მეთანში" თამაშიდან გიცნობდათ?

- ალბათ, მიცნობდა. ამაზე საუბარი არ გვქონია. მუნტეანუმ დისციპლინა დაამყარა "მორდოვიაში" და ტაქტიკურადაც ძალიან ძლიერი სპეციალისტია. "ოცელულის" ჩემპიონობა რუმინეთში ისეთი მოვლენა იყო, არ ვიცი, რა ვთქვა... დაახლოებით ისეთი, ინგლისში "სანდერლენდი", ან "ფულემი" რომ გახდეს ჩემპიონი. შემადგენლობით "ოცელულს" არათუ "სტიაუა", "დინამო" და "კლუჟი", არამედ სხვა გუნდებიც სჯობდნენ. "ოცელულს" არავინ არ მოიხსენიებდა ფავორიტად. თან, ეს ის პერიოდი იყო, როცა რუმინეთის 5 გუნდი ევროტურნირებზე გამოდიოდა.

- ეროვნულ ნაკრებზეც, სადაც გიძახებენ, თუმცა თამაში არ გიწევთ...

- ეს თემურ ქეცბაიას გადასაწყვეტია. მთავარია, კლუბში ვიყო კარგ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ნაკრებში მიგიწვევენ. და ისიც აღსანიშნავია, რომ ნაკრებში თამაში საკლუბო კარიერის აწყობაში არ დამხმარებია. არცერთ ქართველს ჩემს ტრანსფერში მონაწილეობა არ მიუღია. თავის დროზე ჩემით მოვხვდი რუმინეთში და ახლა - "მორდოვიაშიც".

- თქვენ ხომ ჩეხი აგენტი გყავდათ?

- დიახ, თუმცა დალიბორ ლაჩინასთან გავწვიტე კონტრაქტი. სხვათა შორის, არც ის დამვიწყებია, ლაჩინამ რაც მითხრა: ნაკრებში ხორვატიასთან თამაშისას მოვწონებივარ და სწორედ იმ მატჩის შემდეგ გავაფორმეთ კონტრაქტი. და ჩემზე რომ უკითხავს, იქ მდგომ ქართველებს უთქვამთ, რად გინდა ხუბუტია, სადღაც რუმინეთში თამაშობს, სხვებს დააკვირდიო... უბრალოდ, იმას ვამბობდი, რომ ქართველები კლუბის ძიებაში არ დამხმარებიან. ინტერესდებოდნენ, მაგრამ - ქმედითი არაფერი. იანვარში "პლზენში" წავედი და თავიდან რა პირობებიც მითხრეს, იმის ნახევარზე ჩამოვიდნენ. ამის გამო უარი ვთქვი "პლზენში" დარჩენაზე, თუმცა მანამდე იყო გლაზგოს "სელტიკის" ვარიანტი. ახლაც სახლში მაქვს "სელტიკისგან" მოწვევა, 22-დან 30 ნოემბრამდე მელოდნენ, გასინჯვაზე უნდა წავსულიყავი. ბრიტანეთის ვიზა დროულად ვერ გავაკეთე. იცით, რა რთულიცაა ბრიტანეთის ვიზის აღება. მოგვიანებით, 2 დეკემბერს ავიღე, მაგრამ აზრი აღარ ჰქონდა. "სელტიკმა" სამჯერ გამომიგზავნა მოწვევა სხვადასხვა ჩასწორებებით - გენერალურ დირექტორ ჯონ პარკის ხელმოწერით. ვიზის გამო არ ჩაშლილა გასინჯვის ვარიანტი. მიზეზი სხვა რამ იყო: როგორც გავიგე, ვიღაც ჩარეულა და ჩემზე რაღაც სხვა ინფორმაციები მიუწოდებია "სელტიკისთვის".

- ვინ? ქართველმა?

- არ ვიცი. ჩემმა მაშინდელმა აგენტმა ლაჩინამ მითხრა, ლენონს ("სელტიკის" მწვრთნელი - ი.ნ.) შენი აყვანა არ ურჩიესო. საერთოდ, არც მინდოდა, "სელტიკის" ვარიანტი გახმაურებულიყო, მაგრამ ვიზა მჭირდებოდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მეხმარებოდა გაკეთებაში. ამიტომაც, ყველამ გაიგო. სხვაგვარად ვერ ვიზამდი. ჩემს მაგივრად ისრაელიდან წაიყვანეს მცველი.

- ნაკრებში თამაშების 75 პროცენტი? ბრიტანეთში ხომ ამას ითხოვენ?

- "სელტიკის" ვარიანტზე რომ შევიტყვე, ვუთხარი, ნაკრებში 75 პროცენტი არ მაქვს ნათამაშები და "სელტიკში" ჩარიცხვა ვერ მოხერხდება-მეთქი. ასე მითხრეს, შოტლანდიამ გააადვილა ეს პროცესი და თან გათვალისწინებულია, რომ თუ ნაკრებში სულ გიძახებდნენ და მაინც არ თამაშობდი, ნაკრების წევრად ითვლებოდი და ბრიტანეთის ვიზის აღება ადვილი იყო. "სელტიკმა" იცოდა ეს და ამ საკითხზე მუშაობდა.

 

თეგებიხუბუტია
0.117091