მე-5 ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,აიამ“ სატურნირო ცხრილის მეზობელს, თბილისის ,,არმაზს“ უმასპინძლა. ოთხი თამაშის შემდეგ, ამ გუნდებს 3 მოგება და თითო დამარცხება ჰქონდათ და 14-14 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფდნენ.
მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა მატჩს სუსხიანი ამინდი დაერთო. იმერეთში რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. უხვად მოსულმა ნალექმა, მინდორი დაამძიმა და მორაგბეებს აქცენტის გადატანა ძალისმიერ ბრძოლაზე უხდებოდათ. ამ კომპონენტში კი, ქუთათურები აშკარად აღემატებოდნენ თბილისელ სტუმრებს, რომლებიც მეტოქის მიძალების შეჩერებას, ძირითადად, ჯარიმების ხარჯზე ახერხებდნენ.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. მატჩის მე-5 წუთი მიმდინარეობდა, როცა საკუთარი 22 მეტრიანი ხაზის სიახლოვეს, შერკინებიდან ბურთის არასწორად გამოტანისთვის, ირლანდიელმა რეფერიმ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე დააჯარიმა და ქუთათურებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა მიეცათ. საჯარიმოს შესრულება სინაურიძემ ითავა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კარის ძელმა აისხლიტა. გადმოვარდნილ ბურთზე მასპინძლებმა იმარჯვეს, შეტევა განაგრძეს და თითქმის ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. თბილისელებმა მეტოქის მიძალების შეჩერება ისევ ჯარიმის ხარჯზე მოახერხეს. ამ დროს, რიონისპირელებმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს. მათ, კარში დარტყმის ნაცვლად, შერკინება მოითხოვეს და მეტოქის ლელოში შეღწევა ამ გზით სცადეს, თუმცა უკანასკნელ მომენტში შერკინება ჩაექცათ და სალელოვე შანსიც განიავდა.
მე-15 წუთზე, დაწინაურების შანსი თბილისელებსაც მიეცათ. ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ კიკნაძის დარტყმასაც მისი ვიზავის ბედი ეწია. ბურთი ამჯერადაც კარის ძელს მოხვდა. 3 წუთში ისევ სინაურიძის ჯერი დადგა. მან თავის გამოჩენა მოედნის ცენტრიდან სცადა, თუმცა დარტყმას ძალა დააკლო და მძიმე ბურთის კარამდე მიღწევა ვერ მოახერხა.
ტაიმის შუაწელს, როგორც იქნა, ანგარიში გაიხსნა. ქუთათურებმა საჯარიმო დარტყმაზე უარი განაცხადეს და ბურთი აუტში გადაიტანეს, შემდეგ დერეფანში ბურთი მოიგეს და მეტოქეს მძლავრი ბიძგით უკან დაახევინეს. საკუთარ ჩათვლის მოედანთან თბილისელები ისევ დაჯარიმდნენ. რიონისპირელთა დამრტყმელმა, ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ლელოზე თამაშს 100%-იანი 3 ქულის აღება არჩია - 3:0. 10 წუთში, სინაურიძის მორიგი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ, ქუთათურები კიდევ უფრო დაწინაურდნენ - 6:0.
იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, თბილისელებმა მთელი გუნდით შეუტიეს და ამით უფრო დაზარალდნენ. მასპინძლებმა მეტოქის მოშიშვლებული ზურგით ისარგებლეს და სწრაფი კონტრიერიში განავითარეს. ამ მომენტში, განსაკუთრებით კარგად ითამაშა ძნელაძემ, რომელიც ზედიზედ ოთხ მეტოქეს დაუსხლტდა და ბურთი საუკეთესო მდგომარეობაში მყოფ ფრუიძეს გადააწოდა. ქუთათურთა შუამარბმა თანაგუნდელს ამაგი დაუფასა, რამდენიმე მეტრი გაირბინა და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. იოლი გარდასახვა სინაურიძეს არ გასჭირვებია - 13:0.
ტაიმის ბოლოს, სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და უკანასკნელ წუთზე ხელსაყრელი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს. ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით, ნიკოლავამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა- 13:3
მატჩის მეორე ტაიმიც ქუთაისელთა უპირატესობით გაგრძელდა. შეხვედრის განახლებისთანავე, მასპინძლებმა აბუსერიძის არაზუსტი გადაცემით ისარგებლეს, სწრაფი შეტევა განავითარეს და მეტოქე 22 მეტრიან ზონაში მოიმწყვდიეს. იქ, თავიანთ მგეზავს არეკნის დასარტყმელად არე გაუსუფთავეს და ბურთი გამოუტანეს. სინაურიძემ თანაგუნდელთა კომბინაცია ლამაზად დააგვირგვინა და ზუსტი არეკნით, ბურთი კარის ძელებს შორის გააძვრინა - 16:3
ამის შემდეგ, მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 57-ე წუთზე, რიონისპირელებმა მოედნის ცენტრში დანიშნული ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს. აბრამიძემ შორი, დიაგონალური გადაცემით ბურთი მარჯვნიდან მარცხნივ კვერნაძის მიმართულებით გადაგზავნა. ქუთათურთა გარემარბმა, თავის ვიზავის ბურთთან მიასწრო და ჩათვლის მოედანზე დაამიწა - 21:3. სინაურიძის ნაცვლად შეცვლაზე შესულ ჯინჭველაშვილს, გარდასახვა გაუცუდდა.
რიონისპირელები არც ამის შემდეგ გაჩერებულან. ისინი შეტევებს ისევ განაგრძობდნენ და მესამე ლელოს დადებას ცდილობდნენ. მათმა მონდომებამ შედეგი შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გამოიღო. სტუმრები საკუთარი ლელოს სიახლოვეს დაჯარიმდნენ. ჯინჭველაშვილმა ბურთი აუტში გადაგზავნა. ქუთათურებმა დერეფანში ბურთი მოიგეს და მძლავრი ბიძგით, მეტოქე ჩათვლის მოედანთან მიათრიეს. მართალია, დედაქალაქელები თავს მედგრად იცავდნენ, მაგრამ შეტევის მეოთხე ფაზის შემდეგ, თუთბერიძემ თბილისელთა ბასტიონის გარღვევა მოახერხა და ბურთის მეტოქის ლელოში დამიწებით თავისიანებს პრემიალური ქულა მოუტანა
მატჩის შემდეგ, ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
კობა გიორგაძე (,,აია’’) - ,,ჰაერივით საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ, თანაც, პრემიალური ქულაც ავიღეთ. ბიჭების დიდი მადლობელი ვარ. გარჯა დაგვიფასდა.“
დავით ვართანიანი (,,არმაზი’’) - ,,ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას.“
საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. V რაუნდი.
5 ოქტომბერი. შაბათი.
ქუთაისი. ,,დინამო“. 16:30 საათი. 300 მაყურებელი.
,,აია“ (ქუთაისი) - ,,არმაზი“ (თბილისი) 28:3 (13:3)
,,აია“: 15. ძნელაძე, 14. ს. კვერნაძე, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე (ლოსაბერიძე), 11. აბრამიძე, 10. სინაურიძე (ჯინჭველაშვილი), 9. თ. თუთბერიძე, 1. რატიაშვილი, 2. მატკავა (ტორაძე), 3. ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე), 4. შალამბერიძე, 5. ჩიტეიშვილი (ძაგნიძე), 6. რევიშვილი (კ), 7. დანგაძე (ცირეკიძე), 8. ყურაშვილი;
3 ლელო: თ. ფრუიძე, ს.კვერნაძე, თუთბერიძე;
2 გარდასახვა: სინაურიძე, ჯინჭველაშვილი;
2 ჯ: სინაურიძე (2);
ა: სინაურიძე;
მწვრთნელები : კობა გიორგაძე, ბესო ხამაშურიძე;
,,არმაზი“: 15. ნიკოლავა, 14. ხუციშვილი, 13. მაჩხანელი, 12. ბროძელი (ჩხაიძე), 11. ლიპარტელიანი (პინაიშვილი), 10. კიკნაძე, 9. აბუსერიძე (მისრიაშვილი), 1. ბეჟიაშვილი (ჯიბლაძე), 2. თაგაური, 3. მარგველანი (ბუკია), 4. ბარბაქაძე (ესართია), 5. არჩუაშვილი, 6. გიგაური, 7. მინაშვილი (კ), 8. სოსელია (კანდელაკი);
ჯარიმა: ნიკოლავა;
მწვრთნელი: დავით ვართანიანი;
მთ. მსაჯი: კენ იმბუში (ირლანდია)
თ/მ: შოთა თევზაძე, საბა აბულაშვილი;
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან
ბადრი კეთილაძის ფოტოები