საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როგორც მოგეხსენებათ, „აიამ“ რეგულარულ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა და გასავარდნ ფინალში საკუთარ მოედანზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც მეტოქე გუნდთან უპირატესობას აძლევდა. ქუთათურებმა გზიდან ჯერ თბილისის „ლოკომოტივი“ ჩამოიცილეს, ახლა კი მეტოქედ დედაქალაქის „არმაზი“ ჰყავდათ, რომელმაც თავის მხრივ დაძაბულ ბრძოლაში შესძლო თანაქალაქელი „ჯიქების“ დამარცხება. დღევანდელ მატჩში დამარცხებული ასპარეზობას მე-4 ადგილზე ასრულებდა, გამარჯვებული კი ბრძოლას წინასწარ ფინალში გააგრძელებდა, სადაც მას შესარჩევ ფინალში „ლელოსთან“ დამარცხებული ქვეყნის მომქმედი ჩემპიონი თბილისის „არმია“ ელოდა.
შეხვედრა ქუთაისელთა შეტევებით დაიწყო და ტაიმის ნახევარი მათი სრული უპირატესობით წარიმართა. მე-4 წუთზე დედაქალაქელები საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდნენ. რიონისპირელებმა ბურთი თამაშში სწრაფად შეიყვანეს. სტუმრებს დაცვაში გადაწყობა დაუგვიანდათ, რითაც კარგად ისარგებლა გამოცდილმა ხამაშურიძემ და ბურთი კარის ძელებს შორის დაამიწა. სინაურიძემ იოლი გარდასახვა კიდევ ორ ქულად აქცია და მასპინძლები დაწინაურდნენ - 7:0.
მე-9 წუთზე სტუმრებს ანგარიშის შემცირების საშუალება მიეცათ, თუმცა ხელსაყრელი მდგომარეობიდან დანიშნული საჯარიმო კიკნაძემ მიზანს ააცილა.
ამის შემდეგ ისევ ქუთათურებმა გაილაღეს. მე-13 წუთზე მასპინძლებმა აუტი მოიგეს, მოლი დააყენეს და თბილისელთა ჩათვლის მოედნისკენ დაიძრნენ. უკანასკნელ მომენტში მოლს ყურაშვილი მოსწყდა და ბურთიანად მეტოქის ლელოში შეირბინა - 12:0. სინაურიძეს გარდასახვა გაუცუდდა. მისი დარტყმული ბურთი კარის ძელმა აისხლიტა.
ხუთი წუთის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს. ქუთათურებმა შერკინება მოიგეს და მძლავრი ბიძგით სტუმრებს უკან დაახევინეს. შეტევის დამამთავრებელ ფაზაში თხელიძემ იმარჯვა, მან მეტოქეს ხაზი გაუჭრა და იდეალური გადაცემით ბურთი ლომიძეს შეაყოლა. რიონისპირელთა შერკინების ბურჯმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანზე დაამიწა. ხელსაყრელი მდგომარეობიდან სინაურიძეს გარდასახვა არ გასჭირვებია - 19:0.
ტაიმის შუაწელს თბილისლებიც გამოცოცხლდნენ. მათ მასპინძელთა ლელოს სიახლოვეს დანიშნული აუტი მოიგეს და მძლავრი ბიძგით მეტოქის ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. ბურთი სოსელიამ დაამიწა, კიკნაძეს კი გარდასახვა გაუცუდდა - 19:5.
ლელოს გაშვების შემდეგ ისევ ქუთათურები გააქტიურდნენ და ხუთ წუთში ზუსტი საჯარიმო დარტყმით სინაურიძემ ანგარიში გაზარდა - 22:5.
ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა მეოთხე ლელოც გაიტანეს. ქუთათურთა მორიგი იერიშისას ხამაშურიძემ თანაგუნდელებს ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ჩაუგდო, თუმცა რიონისპირელებს თბილისლებმა დაასწრეს და ბურთი საკუთარ ლელოში დაამიწეს. 22-მეტრიანი ზონიდან სტუმრებმა სწრაფი გათამაშება სცადეს და შეცდომა დაუშვეს. ამით კარგად ისარგებლა კუხიანიძემ, მან ბურთი დაიჭირა და ზუსტი გადაცემით გოშაძე ლელოს დასალაშქრად გაისტუმრა - 27:5. სინაურიძემ რეალიზაცია ვერ გამოიყენა.
შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. იგრძნო რა დამარცხების საშიშროება, სტუმართა დამრიგებელმა შეცვლებს მიმართა და თამაშში გარდატეხაც შეიტანა. მეორე ტაიმის პირველი ნახევარი თბილისლებმა პრაქტიკულად მეტოქის 22-მეტრიან ზონაში გაატარეს. რამდენჯერმე ხელსაყრელი ჯარიმის დარტყმაზე უარი თქვეს და ბურთის ხელდახელ გათამაშებით ლელოს დადება სცადეს, თუმცა აქედან ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღეს. პირიქით, 61-ე წუთზე მათი მორიგი იერიშისას ხამაშურიძემ მეტოქეს გადაცემა ჩაუჭრა და შეტევაში ძნელაძე ჩართო. მასპინძელთა ფულბექმა თითქმის მთელი მოედანი გადასერა და გარემარბი გოშაძე მოძებნა, რომელმაც მეტოქეებს სისწრაფის ხარჯზე აჯობა და ბურთიანად ჩათვლის მოედანში შეირბინა - 32:5. რეალიზაციის შესრულება მოედანზე ახლადშემოსულმა ჯინჭველაშვილმა ითავა, მაგრამ სამიზნემ უმტყუნა.
მატჩიც პრაქტიკულად აქ დამთავრდა, თუმცა თბილისლებმა შეხვედრის ბოლოსკენ ერთიც გაიბრძოლეს. ამ ეპიზოდში ძალიან კარგად ითამაშა ალეკო ხუციშვილმა. იგი საკუთარ ჩათვლის მოედანთან დანიშნული შერკინებიდან გამოვარდნილ ბურთს დაეუფლა, სოლორეიდით რამდენიმე მეტოქეს დაუსხლტდა და ბურთი მეტოქის კარის ძელებს შორის დაამიწა. ზუსტად გარდასახული რეალიზაციით ნიკოლავამ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 32:12.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტი’’ ორივე გუნდის მწვრთნელებს გაესაუბრა:
კობა გიორგაძე („აია“): „კარგი თამაში იყო. შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა რაც გვინდოდა ყველაფერი არ გამოგვივიდა. ახლა მთლიანად მომდევნო შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ. ქვეყნის ჩემპიონთან ურთულესი მატჩი გველის. რევანშის აღება გვსურს.“
დავით ვართანიანი („არმაზი“): „ვფიქრობ ნაყოფიერი წელი გვქონდა. ჩემი ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ - ჩემპიონატი მე-4 ადგილზე დავასრულეთ. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ძალიან მოვინდომეთ, მაგრამ მეტოქე ჩვენზე ძლიერია, ამიტომ შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია.“
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი.
პლეი ოფები. გასავარდნი ფინალი. თითო მატჩი.
21 აპრილი. კვირა. ქუთაისი. ,,დინამო“. 15:30 საათი. 1000 მაყურებელი.
„აია“ (ქუთაისი) – „არმაზი“ (თბილისი) 32:12 (27:5)
,,აია“: 15. ძნელაძე, 14. გოშაძე, 13. კუხიანიძე, 12. ხამაშურიძე, 11. ფრუიძე (ს. კვერნაძე 58), 10. სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 58), 9. როხვაძე (გ. თუთბერიძე 62), 1. რატიაშვილი 2. თხელიძე (ლომთაძე 69), 3. ლომიძე (მატკავა 48), 4. შალამბერიძე, 5. ძაგნიძე (ჩიტეიშვილი 41), 6. რევიშვილი (კ), 7. ყურაშვილი, 8. შაშიაშვილი (დგებუაძე 54);
5 ლელო: ხამაშურიძე, ყურაშვილი, ლომიძე, გოშაძე(2);
2 გარდასახვა: სინაურიძე (2);
ჯარიმა: სინაურიძე;
მწვრთნელი : კობა გიორგაძე
,,არმაზი“: 15. ნიკოლავა, 14. მაჩხანელი (ბაქანიძე 47), 13. პ. მაისურაძე (სირაძე 58), 12. ბ. ჩხაიძე (პინაიშვილი 52), 11. ა. ხუციშვილი, 10. დ. კიკნაძე, 9. ბროძელი (მჟავანაძე 62), 1. ბუკია, 2. სოსელია, 3. ჯიბლაძე (ესართია 37), 4. ჯიშკარიანი (გიგაური 41), 5. ჭელიძე (ლეკბორაშვილი 62), 6. კანდელაკი, 7. მინაშვილი (კ), 8. თაგაური;
2 ლელო: სოსელია, ა. ხუციშვილი;
გარდასახვა: ნიკოლავა;
მწვრთნელი: დავით ვართანიანი
მთ. მსაჯი: რიჩარდ ქელი (ახალი ზელანდია);
თ/მ: ანა პოგოსიანი,ნინო ელოშვილი;