რა კარგია, როცა მიზანი დასახული გაქვს და იცი, რას აკეთებ. როგორ განსხვავდება თბილისის "ლოკომოტივის" ხედვა სხვა ქართული კლუბებისგან – აი, ამ ზაფხულს ვინც გაუშვეს ან გაყიდეს, ყველა ნორმალურ ევროპულ კლუბში. არა გრანდში, მაგრამ ზუსტად ისეთ გუნდში, როგორიც სჭირდება ფეხბურთელს განსავითარებლად და ახალ სიმაღლეებზე ასასვლელად. აბა, საქართველოს პირველი ლიგიდან გრანდში გაშვება როგორია? ან სასურველია? შეიძლება, ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ ფეხბურთელმა თუ იქ ფეხი ვერ მოიკიდა, რა აზრი აქვს.
"ლოკომოტივიდან" წასულ ყველა ფეხბურთელს კი ძირითად გუნდში თამაშის მეტ-ნაკლები შანსი აქვს.
ლუკა კიკაბიძე ფრანგულ "ბასტიაშია", ლუკა ზარანდია ბელგიურ "გენკში", გიორგი აბურჯანია კვიპროსულ "ანორთოსისში", გიორგი გოროზია ნორვეგიულ "სტაბეკში". ახლა დავით უბილავა შეიძლება გადავიდეს დანიის ჩემპიონ "ოლბორგში". ამას დაუმატეთ თბილისის "დინამოში" გადასულები: ნიკა ჭანტურია და დავით ჯიქია.
გახსოვთ, რომელიმე ქართული კლუბიდან ერთ ზაფხულს ასეთი ტრანსფერები? მხოლოდ ერთ ზაფხულს, 2-თვიან პერიოდში.
რა თქმა უნდა, ამ ბიჭებს ევროპისკენ გზა უფრო საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში კარგმა თამაშმა გაუხსნა, მაგრამ იმ ნაკრებში ხომ "ლოკომოტივიდან" მოხვდნენ, იქ მუშაობდნენ კარგ ატმოსფეროში, კარგ მწვრთნელებთან, ხელმძღვანელებთან. ისინი ხელს არ უშლიან ფეხბურთელების ევროპაში წასვლას.
უმაღლესი ლიგის კლუბები ვერ გადიან ევრობაზარზე, თორემ "ლოკომოტივს" ეს გზა დიდი ხნის არჩეული აქვს და აგრძელებს კიდეც. აი, ესაა ხედვა და სტრატეგია.
ვაჟა ზაზაშვილი