ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 27-ე ტურის მატჩები გაიმართება. ივანწმინდაში ერთმანეთს გაზაფხულის ყველაზე წარუმატებელი გუნდები შეხვდებიან, თბილისში “მიხეილ მესხზე” კი - ყველაზე წარმატებულები. “სიონი” – “ზესტაფონი” ამავდროულად ტურის ცენტრალურ მატჩადაც ითვლება.
ჩიხურა (საჩხერე) – გურია (ლანჩხუთი)
19 აპრილი. ივანწმინდა. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებულები: ლევან ხმალაძე, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”)
მსაჯები: ხ. გაგნიძე, ა. კოკაია, ზ. ბერულავა, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 5:1, 0:2
ივანწმინდაში ერთმანეთს გაზაფხულის ორი ყველაზე წარუმატებელი გუნდი შეხვდება. “ჩიხურამ” ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, “გურია” კი ბოლო 5 შეხვედრაში მიჯრით დამარცხდა. სათამაშო ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ლანჩხუთელები უკვე ფაქტობრივად, უმოტივაციოდ არიან დარჩენილნი. გავარდნა აღარ ემუქრებათ, პრიზიორებში გარევა კი ალბათ მომავლის საქმე უფროა. სამეულს ჩამორჩა “ჩიხურაც,” თუმცა საჩხერელებს მთავარი აქცენტი ქვეყნის თასის გათამაშებაზე აქვთ გადატანილი.
სიონი (ბოლნისი) – ზესტაფონი
19 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00
დისკვალიფიცირებულები: ჯაბა უგულავა (“სიონი”); თემურ ღონღაძე (“ზესტაფონი”)
მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ზ. მენთეშაშვილი, გ. ვადაჭკორია, გ. ყრუაშვილი, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 0:0, 0:1
ამ წყვილში კი პირიქით, გაზაფხულის ორი ყველაზე წარმატებული გუნდი ხვდება ერთმანეთს. მარგველებმა სულაც ბოლო 10 თამაშიდან 9 მოიგეს და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თბილისის “დინამოს” ერთადერთ კონკურენტად მოიაზრებიან. “სიონი” კი, რომლის ზედა ექვსეულში მოხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ახლა მე-3 ადგილზე დგას და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ლადო ბურდულის შეგირდებმაც ბოლო 5 შეხვედრიდან ხუთივე მოიგეს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი)
19 აპრილი. რუსთავი. “ფოლადი.” 16:00
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ზ. ფიფია, გ. ჩიგოგიძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 0:0, 1:0
“დინამომ” წინა ტურში შინ “სიონთან” წააგო (0:1) და საკუთარი ქომაგების წინაშე რეაბილიტაციას ეცდება. ესეც რომ არ იყოს, ნელ-ნელა “ზესტაფონი” წამოეწია, უკვე 6 ქულით ჩამორჩება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
1 | დინამო (თბ) | 26 | 17 | 4 | 5 | 56:19 | 55 |
2 | ზესტაფონი | 26 | 15 | 4 | 7 | 35:17 | 49 |
3 | სიონი | 26 | 13 | 6 | 7 | 34:25 | 45 |
4 | ჩიხურა | 26 | 11 | 6 | 9 | 43:40 | 39 |
5 | მეტალურგი | 26 | 11 | 6 | 9 | 31:30 | 39 |
6 | გურია | 26 | 11 | 0 | 15 | 27:38 |
33 |
სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
17 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო. 16:00
დისკვალიფიცირებული: ნიკა მგელაძე (“სპარტაკი”)
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ბ. ჭიჭინაძე, გ. ელიკაშვილი, ლ. სილაგავა (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 3:1, 1:2
ერთადერთი გუნდი ვისთანაც ბოლო 7 მატში “სპარტაკმა” წააგო, სწორედ “ვიტ ჯორჯიაა.” ცხინვალელები გაზაფხულზე ცოტათი მოფერიანდნენ, თამაშიც გამართეს და შედეგიც სახეზეა, გასავარდნ ადგილს უკვე 4 ქულით დაშორდნენ. “ვიტ ჯორჯიას”კი “თავი ქუდში” აქვს, რამაც შესაძლოა, მოტივაციის ნაკლებობა გამოიწვიოს.
ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი)
18 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” უმაყურებლოდ. 16:00
მსაჯები: ო. ხეცაძე, ლ. ვარამიშვილი, ზვ. ერქვანია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 3:0, 1:1
ბოლო 4 შეხვედრაში “მერანმა” ორი მოიგო, ერთი ფრედ დაამთავრა და ერთიც წააგო. თან წინა ტურში უშუალო კონკურენტი “ზუგდიდი” დაამარცხა (2:1). ზურაბ იონანიძის მთავარ მწვრთნელად მისვლამ ჭყონდიდელები აშკარად გამოაცოცხლა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც გავარდნის მთავარ კანდიდატებად რჩებიან.
ზუგდიდი - დილა (გორი)
19 აპრილი. განმუხური. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებულები: ლუკა გუგუჩია (“ზუგდიდი”); გივი ქარქუზაშვილი (“დილა”)
მსაჯები: თ. ხუჭუა, ლ. თოდრია, ი. უკლება, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)
მიმდინარე სეზონში: 1:1, 2:1
“დილამ” ზედიზედ 2 თამაში წააგო, ამიტომ განმუხურში გაბრაზებული ჩავა და გამარჯვებას შეეცდება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ გორელების მთავარი მიზანი წლევანდელ სეზონში ქვეყნის თასზე წარმატებული თამაშია. საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს (პირველი შეხვედრა 0:1) თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ ისინი შინ 23 აპრილს გამართავენ და მთავარი ბრძოლა მაშინ იქნება.
“ზუგდიდმა” კი ბოლო ტურებში ვერ ივარგა, “სპარტაკმა” 4 ქულით გაუსწრო. ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.
1 | ვიტ ჯორჯია | 26 | 10 | 6 | 10 | 33:33 | 36 |
2 | დილა | 26 | 9 | 8 | 9 | 35:29 | 35 |
3 | ტორპედო | 26 | 9 | 6 | 11 | 26:37 | 33 |
4 | სპარტაკი | 26 | 8 | 4 | 14 | 25:34 | 28 |
5 | ზუგდიდი | 26 | 6 | 6 | 14 | 16:35 | 24 |
6 | მერანი | 26 | 6 | 4 | 16 | 20:44 | 22 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), ვილი ისიანი (“გურია”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”)
6 – ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;