ჩოგბურთი

17:50 | 16.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

აგასიმ სამპრასს მოუბოდიშა

ანდრე აგასიმ espn.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ წინა კვირაში ინდიან უელსში გამართული საქველმოქმედო შეხვედრის დროს პიტ სამპრასის დაცინვისას “გადაამლაშა”, და თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა.
შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში, რომელიც ჰაიტის მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატარდა, აგასისა და რაფაელ ნადალის წყვილი პიტ სამპრასისა და როჯერ ფედერერის ტანდემს დაუპირისპირდა.
მატჩის მსვლელობისას აგასიმთავისი ოდინდელი მეტოქე ზედმეტი სერიოზულობის გამო გააქილიკა. ამის პასუხად პიტმა ანდრეს “ბაჯბაჯა” სიარულის მანერას წაბაძა, რითაც მაყურებელი ძალიან გაახალისა. ანდრემ კი, აშკარად უადგილოდ, პიტს იმის გამო დასცინა, რომ მას თითქოსდა მომსახურეობისათვის (მძღოლებისთვის, მელიფტეებისთვის და ა. შ.) ფულის ჩუქება არ უყვარს. შეგახსენებთ, რომ ასეთი რამ მან პიტს რამდენიმე თვის წინ გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნშიც დასწამა – ზედმეტ კაპიკს ვერ გააგდებინებო...
მთელი ეს ამბავი პიტის მოწოდებისას ხდებოდა და მეტოქის ამ უადგილო რეპლიკის შემდეგ მან ბურთი ისე მოაწოდა, რომ ანდრესთვის – ეს უკანასკნელი რომ არ ჩაკუზულიყო – პირდაპირ თავში უნდა მოერტყა...
და, მართალია, ნამატჩევს ანდრეც და პიტიც იღიმებოდნენ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.
“გადავამლაშე – აღიარა აგასიმ – ეს უადგილო ხუმრობა იყო. ვცდილობდი, რაღაც სასაცილო მეთქვა და სიჩქარეში ეს არ გამომივიდა. უკბილო ხუმრობის გამო ბოდიშს ვიხდი. მე მინდოდა, ეს ეპიზოდი მალევე მიმეჩქმალა, მაგრამ თავად პიტმა ამის საშუალება არ მომცა. მე უკვე მივწერე მას, რომ მინდა, როგორმე პირადადაც მოვუბოდიშო.”
როჯერ ფედერერმა ზემოთ აღწერილ სცენას “უხერხული მომენტი” უწოდა და თქვა, რომ ალბათ აჯობებდა, მოთამაშეები მიკროფონების გარეშე ყოფილიყვნენ, ვინაიდან ასე ვითარების განმუხტვა უფრო იოლად მოხერხდებოდა.
რაფა ნადალს კი საერთოდაც არაფერი გაუგია.
“მე მხოლოდ მატჩის შემდეგ მითხრეს, რაც მოხდა. ამერიკელები ისე სწრაფად ლაპარაკობენ, რომ მე – ესპანელმა – მათი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე” – თქვა მან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172503