დღეიდან კვირის – 24 ოქტომბრის _ ჩათვლით, მაროკოს ქალაქი აგადირი ახალგაზრდა ძიუდოისტების მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაში მონაწილეობას 78 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თითოეულ ქვეყანას, თითო წონაში ორ-ორი მონაწილის დაყენების უფლება ეძლევა და საქართველოს ვაჟთა ნაკრები ამ ქვოტას მაქსიმალურად გამოიყენებს - გიორგი გუგავა ტატამზე 16 შეგირდს გაიყვანს.
მსოფლიოს ჩემპიონატი გუგა¬ვასთვის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებლის რანგში სადებიუტო ტურნირი იქნება. ერთი თვის წინ ჩატარებულ ევროპირველობაზე გუნდს სოსო ლიპარტელიანი თავკაცობდა, რომელიც ამჟამად ეროვნული ნაკრების დამრიგებელია. ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ახალგაზრდებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ოთარ კაიდარაშვილი (55 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვერცხლის პრიზიორი გიორგი ნოზაძე (90 კგ) აგადირშიც მოირგებენ კიმონოს.
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები ვაჟთა 55 და 60 და გოგონათა 44 და 48 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. ქართველ ძიუდოისტთაგან ჩემპიონატში პირველები ოთარ კაიდარაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 55 კგ), გიორგი ბროლაშვილი და შმაგი ლაგაზაური (60 კგ) ჩაერთვებიან. გუშინ საღამოს წილისყრა შედგა და მათი მეტოქეებიც გამოვლინდნენ.
55 კილოგრამში სულ 46 მონაწილე მოგროვდა. კაიდარაშვილი ჩემპიონატს მონღოლი ხუნტაიჟ ენხბაატარით გახსნის. ამ წყვილიდან გასული მეთექვსმეტედფინალში ბრაზილიელ სერჟიო ნასიმენტოს შეხვდება. ჩხვიმიანს პირველ მოწინააღმდეგედ ლუქსემბურგელი ტომ შმიტი ერგო. გამარჯვების შემთხვევაში კი დასვენებულ აზერბაიჯანელს, ალი რზაევს დაუპირისპირდება.
60 კილოგრამის კენჭისყრაში 57-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ლაგაზაური იმ 10 იღბლიანში მოხვდა, რომლებიც პირდაპირ მეორე წრეში განთესეს. მისი მეტოქე ალჟირელი ჰოსინ ტუაჰრისა და პორტუგალიელი ანდრე სოარეშის შეხვედრაში გამოვლინდება. ბროლაშვილი პაკისტანელ მუჰამედ რაზისთან დაწყვილდა და ამათ შორის საუკეთესო ესპანელ რომერო ანდრესსა და ამერიკელ ჟორჟ ტრუნგს შორის მოგებულს დაეჭიდება.
ჩემპიონატის მეორე დღეს – 22 ოქტომბერს საქმეში ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა ლომიძე (ორივე 66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი და ლაშა ზურაბიანი (73 კგ) ჩაერთვებიან. 23-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი მერმანიშვილი (81 კგ), გიორგი ნოზაძე და არჩილ შინჯიკაშვილი (90 კგ) იჭიდავებენ. იმავე დღეს მოირგებს კიმონოს საქართველოს გოგონათა ნაკრების ერთადერთი წარმომადგენელი შორენა შარაძეც (63 კგ), ხოლო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ონისე ბუღაძე, გიორგი კობერიძე (100 კგ), ლევან მათიაშვილი და უშანგი კოკაური (+100 კგ) იჭიდავებენ.
ოთარ მაღლაკელიძე







