ძიუდო

13:14 | 19.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

აგადირის ტატამზე 17 ქართველი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები დღეს გამთენიისას აფრიკაში გაემგზავრა. 21-24 ოქტომბერს, მაროკოს ქალაქი აგადირი ამ ასაკობრივ ჯგუფში სეზონის უმთავრეს შეჯიბრს – მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქართულ გუნდს ტატამზე ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი გუგავა გაიყვანს. მან ნაკრები ოთხი კვირის წინ გადაიბარა სოსო ლიპარტელიანისგან, რომელიც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების თავკაცად დანიშნა.
ერთი თვის წინ, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, მსოფლიოს პირველობაზე გუნდები ორ-ორი შემადგენლობით იჭიდავებენ. საქართველოს ნაკრებმა ეს ქვოტა მაქსიმალურად შეირგო – გუგავამ 16-კაციანი განაცხადი ჩამოწერა. ევროპის მოქმედი ჩემპიონები ოთარ კაიდარაშვილი (55 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ვერცხლის პრიზიორი გიორგი ნოზაძე (90 კგ) რაღა თქმა უნდა კვლავ სიაში არიან და მსოფლიოს კვარცხლბეკის დაპყრობასაც შეეცდებიან. სამოკოვში ნაჭიდავებ ძიუდოისტთაგან, აგადირის ტატამზე მხოლოდ ბეთქილ აფრასიძე (73 კგ) და მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ) ვერ გავლენ. მათი წონები მთავარმა მწვრთნელმა და მისმა ასისტენტმა, ვაჟა ბალხამიშვილმა სხვა სპორტსმენებით შეავსეს.
“ნაკრებში საბრძოლო განწყობაა. ბიჭები თავს მშვენივრად გრძნობენ, საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. წინასაჩემპიონატი შეკრება დუშეთში გავიარეთ. ყველა პირობა გვქონდა შექმნილი, რათა მხოლოდ ვარჯიშზე გვეფიქრა. მწვრთნელები გუნდის წევრების მომზადებით კმაყოფილნი ვართ. დანარჩენი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდება” – განაცხადა გიორგი გუგავამ მაროკოში გამგზავრების წინ.
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს გოგონათა ნაკრებიც მიიღებს, ოღონდ, მხოლოდ ერთი სპორტსმენით. კიმონოს 63 კილოგრამში მოჭიდავე შორენა შარაძე მოირგებს, რომელმაც ახლახან, თბილისში ჩატარებულ სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველ ძიუდოისტთაგან ჩემპიონატში პირველები ოთარ კაიდარაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 55 კგ), გიორგი ბროლაშვილი და შმაგი ლაგაზაური (60 კგ) ჩაერთვებიან. ოთხდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს მედლები გოგონათა და ვაჟთა ორ-ორ უმსუბუქეს წონაში გათამაშდება (გოგონებში 44 და 48 კილოგრამებში). 22 ოქტომბერს ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა 66 და 73 და გოგონათა 52 და 57 კილოგრამებში გამოვლინდებიან. 23 ოქტომბერს – ვაჟთა 81 და 90 და გოგონათა 63 და 70-ში, ხოლო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტატამზე 100 და +100 კილოგრამში მოჭიდავე ვაჟები და 78 და +78-კილოგრამიანი გოგონები გავლენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები:


ვაჟები

55 კგ

ოთარ კაიდარაშვილი
ლუხუმ ჩხვიმიანი
60 კგ
შმაგი ლაგაზაური
გიორგი ბროლაშვილი
66 კგ
ლაშა შავდათუაშვილი
ლაშა ლომიძე
73 კგ
ზებედა რეხვიაშვილი
ლაშა ზურაბიანი
81 კგ
ავთანდილ ჭრიკიშვილი
გიორგი მერმანიშვილი
90 კგ
გიორგი ნოზაძე
არჩილ შინჯიკაშვილი
100 კგ
ონისე ბუღაძე
გიორგი კობერიძე
+100 კგ
ლევან მათიაშვილი
უშანგი კოკაური

გოგონები
63 კგ

შორენა შარაძე


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092828