ბლოგი

11:04 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

აფთიაქი რომში

არაფერია იმაზე რთული, როდესაც “რომას” ქომაგი ხარ და “ლაციოს” ტიფოზებით გადაძეძგილ რომის უბანში ცხოვრობ და მუშაობ. არაფერია იმაზე რთული, როდესაც “მტრების” ლაყაფს გამუდმებით უსმენ და ფილმ “პური და შოკოლადის” იტალიელი მთავარი გმირივით ხმის ამოღებაც კი არ შეგიძლია. ამიტომ, უნდა იყო სულ ჩუმად და გულდათუთქულმა უსმინო, მავანნი როგორ კრულავენ შენ “ფრენჩისა” და დე როსის. ცხოვრება ხშირად გვიმზადებს ასეთ მწარე სიურპრიზებს და მსგავსი მრავალი სიმწარე არაერთხელ განუცდია რომაელ აფთიაქარ დონ ემილიანოს, რომელიც განგებისა და აწგარდაცვლილი მამის ჩაგონებით, ბავშვობიდან “რომას” ტიფოზი იყო და ამის შესახებ მხოლოდ მისმა ცოლმა იცოდა.

დონ ემილიანოს აფთიაქის წინ, ყოველდღე იკრიბებოდნენ “ლაციალეს” უსაქმური ტიფოზი ყმაწვილკაცები და დილიდან-საღამომდე საუბრობდნენ “ლაციოს” მომავალზე. აბა “ლაციოს” ქომაგი, რა “ლაციოს” ქომაგი იქნება, “რომას” დღეში რამდენჯერმე მწარედ რომ არ “წაჰკბინოს”... ემილიანოც წლების მანძილზე ითმენდა და ითმენდა, დარდობდა და დარდობდა... “ლაციოს” ტიფოზებზე შურისძიება მხოლოდ იმით შეეძლო, რომ მასთან “ლაციოს” მაისურით მისულ ადამიანებს შუბლშეკრული ემსახურებოდა და რაც არ უნდა ყოფილიყო, ერთ უბრალო ღიმილსაც კი არ გამოიმეტებდა.

ასე გადიოდა დღეები, თვეები და წლები. ემილიანოს ცხოვრებაში თითქმის არაფერი იცვლებოდა და ერთი შეხედვით არც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ერთ დილას, როდესაც სამსახურში ახალმისული დონ ემილიანო ახალ ”გაძეტა დელო სპორტს“ ფურცლავდა, გაიაზრა რომ მისი “რომა“, 26 მაისს იტალიის თასის ფინალში ”ლაციოს“ უნდა შეხვედროდა. ამავე დროს ფიქრებში წამოიდგინა, ”მგლები“ როგორ გათელავდნენ ფეხქვეშ მათ მუდმივ მეტოქეებს და ოცნებაში წასულმა ”ლაციოს“ მისამართით კარგა გვარიანი გინებაც წამოიძახა. ფიქრებში წასულს არც კი შეუმჩნევია, რომ თავზე ორი მისი მეზობელი ადგა, რომლებიც გაკვირვებულები შესცქეროდნენ ”ნიღაბახდილ“ ემილიანოს. ეს მეზობლებიც რა თქმა უნდა ”ლაციოს“ ტიფოზები იყვნენ და “რომას“ მისამართით ემილიანოს თანდასწრებითაც არაერთხელ უთქვამთ ”ტკბილ-ტკბილი“ სიტყვები. მეზობლებმა დონ ემილიანო აბუჩად აიგდეს და უთხრეს, რომ: “მისგან ”პლებეების” ტიფოზობას არ მოელოდნენ.” ერთ-ერთმა შუა აფთიაქში მთელი ხმით დაიწყო სტვენა და “რომას” ტიფოზერიის საყვარელ ჰიმნს ასე უხამსად გამოაჯავრა.

დონ ემილიანო გაბრაზდა, გაცოფდა, სახეზე სილურჯემ გადაჰკრა. მთელი დღე ერთ ადგილს ვერ პოულობდა და საქმესაც გულისგარეთ აკეთებდა. საღამოს აფთიაქი დროზე ადრე დაკეტა და აჩქარებული ნაბიჯით ”სტადიო ოლიმპიკოსაკენ“ გაეშურა. სტადიონთან ახლოს გახსნილ ”რომას“ საკლუბო მაღაზიაში წითელ-ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი და ”რომას“ ლოგოთი დამშვენებული ორი უზარმაზარი დროშა იყიდა. ასევე შეიძინა დიდი პლაკატი წარწერით: “რომა“ ჩემპიონია! “ლაციო“ მხოლოდ სერია „ბ“-ს იმსახურებს!” და გულისფანცქალით დაბრუნდა სახლში,

მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ან რა დააძინებდა, როდესაც მეორე დღეს მისი “სიკვდილ-სიცოცხლის” ამბავი წყდებოდა. როდესაც გათენდა და დონ ემილიანოს ქუჩის მცხოვრებლებმა გაიღვიძეს, სამსახურებში მიმავალი მოქალაქეები, ემილიანოს აფთიაქის დანახვისას გაოცებას ვერ ფარავდნენ. აფთიაქის შესასვლეთან უზარმაზარი პლაკატი ეკიდა, სადაც “ლაციოს” შეურაცხმყოფელ სიტყვებს ამოიკითხავდით. აფთიაქის კარები კი “რომას” დიდი საკლუბო დროშით იყო დაფარული. როგორც იქნა დონ ემილიანომაც ამოიღო ხმა! როგორც იქნა მან მაინც თქვა თავისი სათქმელი! მერე რა, რომ მის აფთიაქს კლიენტურა ერთი-ორად შეუთხელდა... მერე რა, რომ მეზობლების უმეტესობა უკვე აღარ ელაპარაკება... წინ 26 მაისია. დღე, როდესაც იტალიის თასის ფინალში მისი გუნდი საძულველ “ლაციოს” უნდა დაუპირისპირდეს. ასეთი დღეებისათვის მართლაც ღირს სიცოცხლე!

 

0.122689