თამაშის დღეს, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, აჭარაში თავსხმა წვიმა წამოვიდა. უხვად მოსულმა ნალექმა ბათუმი-ქობულეთის სამანქანო გზის მონაკვეთი დატბორა და მანქანების მოძრაობა შეაფერხა. ამის გამო ზღვისპირელთა გულშემატკივრებმა მატჩზე დასწრება და საყვარელი გუნდის გამხნევება ვერ მოახერხეს. ბათუმელთა გუნდს, ისედაც ნეიტრალურ მინდორზე პრაქტიკულად ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუხდათ მეტოქის დახვედრა.
შეხვედრა აჭარელთა უპირატესობით დაიწყო და მათ მატჩის დებიუტშივე ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მიეცათ. სუხიაშვილის გადაცემის შემდეგ შონია ურტყამდა ძლიერად საჯარიმოს რკალიდან. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. ზღვისპირელთა დომინირება დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა, ამის შემდეგ კი მატჩის მიმდინარეობა რადიკალურად შეიცვალა -სტუმართა პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა.
მე-11 წუთზე მახარობლიძე მარცხენა ფლანგზე გაიჭრა. მან სისწრაფის ხარჯზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და პირით ხაზთან მისულმა ბურთი საჯარიმოში შეაგდო. სიტუაციაში სხვებზე უკეთ ჭაფოძე გაერკვა. ცხინვალელთა კაპიტანი თანაგუნდელის გადაცემას საჯარიმოს ხაზთან დაუხვდა და შეუჩერებელი დარტყმით ბურთი ,,მასპინძელთა” კარის ძელის გავლით ბადეში გადაგზავნა – 0:1.
გაშვებულმა გოლმა აჭარლებზე დამთრგუნველად იმოქმედა და ტაიმის დარჩენილი დრო სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა.
მე-15 წუთზე გიგაურის ჩაწოდების შემდეგ ტანმაღალი კაჭარავა ურტყამდა თავით. ბურთი მცირედით გადასცდა ხარიხას. ტაიმის შუაწელს სტუმრებმა გატანილი გოლის ანალოგიური კომბინაცია გაითამაშეს, ოღონდ მახარობლიძის გადაცემას საჯარიმოს ხაზთან ამჯერად გიგაური დაუხვდა. ახალგაზრდა ცხინვალელი ნახევარმცველის ძლიერი გასროლა ალავიძემ პირით ხაზს იქით მოიგერია. კუთხური თექთურმანიძემ მოაწოდა სადაც ყველას მახარობლიძემ დაასწრო და თავით ბურთი მეტოქის კარისკენ გადაგზავნა. მცველებმა გაჭირვებით შეძლეს ხიფათის განეიტრალება. ნახევარი საათის მიწურულს ბურძენაძე შეტევაში ჩაერთო. მან მოედნის ცენტრიდან წინ გადაინაცვლა და დაახლოებით 30 მეტრიდან ტყვიასავით გაისროლა. ალავიძე აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
ამის შემდეგ ბათუმლებიც გამოცოცხლდნენ და სტუმართა კარს სახიფათოდ შეუტიეს. სუხიაშვილი-შონია-მუჯირის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ აჭარელთა უბერებელმა კაპიტანმა ჩირიკაშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, რომლის ძლიერი დარტყმა უზუსტო გამოდგა.
ეს იყო და ეს. უპირატესობა ისევ სტუმართა ხელში გადავიდა. 38-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ჭაფოძის ჩაწოდებულს კაჭარავა თავით გამოეხმაურა, მაგრამ ბურთი მიზანში ვერ მოახვედრა. ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი თავის გამოჩენის შანსი ამ თამაშში ყველაზე აქტიურ მახარობლიძესაც ჰქონდა. ცხინვალელთა ნახევარმცველი ბურთს საჯარიმოს ხაზთან დაეუფლა და ტექნიკური დარტყმით მეტოქის კარის დალაშქვრა სცადა. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.
მატჩის მეორე ნახევარი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. შესვენებაზე ბათუმელთა დამრიგებელმა შეცვლები განახორციელა, რაც გუნდს სასიკეთოდ წაადგა. შეხვედრის განახლებისთანავე ჩირიკაშვილი გადიოდა ხელსაყრელ პოზიციაზე. მცველებმა დაასწრეს და ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. 49-ე წუთზე შეცვლაზე შესული ტატანაშვილი ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ამჯერადაც მცველებმა იმარჯვეს. 57-ე წუთზე მუჯირი ურტყამდა საჯარიმოს კუთხიდან, თუმცა ნადირაძეც სანაქებოდ გაისარჯა და საკამოდ რთული ბურთის მოგერიება მოახერხა, დამატებაზე ,,მასპინძლებმა” ვეღარ იყოჩაღეს. ორ წუთში გავაშელიშვილის გამჭოლ გადაცემას ბერიაშვილმა მიმართულება შეუცვალა, მაგრამ მცველები ბურთს ჩაუწვნენ და კარის ხაზიდან გამოიტანეს.
62-ე წუთზე მოედანზე საკამათო სიტუაცია შეიქმნა. თანაგუნდელის ჩაწოდებულზე ბურთის დასაუფლებლად მაისაშვილთან ბრძოლაში ტატანაშვილი გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. ბათუმლები პენალტს ითხოვდნენ, არბიტრმა კი სხვაგვარად განსაჯა და პირიქით აჭარელთა ფორვარდი დააჯარიმა. ხორავას გადაწყვეტილებამ ,,მასპინძლები” განარისხა. სხვებზე მეტად ტატანაშვილი აქტიურობდა და რეფერისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
შეხვედრა ამ ეპიზოდის შემდეგაც ბათუმელთა სრული უპირატესობით გაგრძელდა. თამაშში კარგად ჩართულმა ტატანაშვილმა მარჯვენა ფრთაზე გაილაღა და მეკარის ბაქანზე მყოფ ბერიაშვილის მისამართით ზუსტი გადაცემა გააკეთა. აჭარელთა ფორვარდის დარტყმამ კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
83-ე წუთზე სტუმრები 100%-იან ხიფათს გადაურჩნენ. საჯარიმოს მისადგომებიდან მუჯირის მოწოდებულ სტანდარტულზე კაჭკაჭიშვილს ბურთი თავზე მოხვდა და მიმართულება იცვალა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ნადირაძემ წარმოუდგენელი რეაქცია გამოავლინა. იგი კარის ძელთან თითის წვერებით მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია.
აჭარლებს გათანაბრება მატჩის უკანასკნელ წუთზეც შეეძლოთ. მუჯირის რბილი გადაცემის შემდეგ შონია ურტყამდა ხელსაყრელი მდგომარეობიდან, მაგრამ ანგარიში ამჯერადაც უცვლელი დარჩა.
მალე არბიტრის საფინალო სასტვენიც გაისმა, თუმცა თემიდის მსახურებს მოედნის დატოვება მასპინძელთა გულშემატკივრების გინების ფონზე მოუხდათ.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,წასაგები თამაში არ გვქონდა. მეორე ტაიმში დიდ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა ფორტუნამ ზურგი გვაქცია და ვერ გავიტანეთ. ამ თემაზე საუბარს ყოველთვის ვერიდები, მაგრამ ვფიქრობ არბიტრი მატჩს ტენდენციურად გაუძღვა.”
კახა კაჭარავა (,,სპარტაკი”) - ,,ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ვითამაშეთ. პირველში უპირატესობას ვფლობდით, მომენტებიც შევქმენით და გოლიც გავიტანეთ. მეორეში მეტოქემ გვაჯობა, ამიტომ ანგარიშის შენარჩუნებაზე მოგვიხდა ზრუნვა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის ხარისხი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, ბიჭების კმაყოფილი ვარ. მათ ბოლომდე იბრძოლეს და სასურველი შედეგიც მივიღეთ.”
,,დინამო” (ბათუმი) - ,,სპარტაკი” (ცხინვალი) 0:1 (0:1)
20 სექტემბერი. 16.00. ქობულეთი. ,,ჩელე არენა’. 150 მაყურებელი.
,,დინამო”: ალავიძე, მაკარიანი, მახარაძე, გავაშელიშვილი, ტეტუნაშვილი, ვარშანიძე (ტატანაშვილი 46), შონია, ჩირიკაშვილი (მ.კაკალაძე 79), სუხიაშვილი (ჭკუასელი 46), ა.მუჯირი (კ), ბერიაშვილი;
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
,,სპარტაკი”: ნადირაძე, ბურძენაძე, ივანიშვილი (ცერცვაძე 70), კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, თექთურმანიძე (შინდაგორიძე 60), იოსელიანი, მახარობლიძე, ჭაფოძე (კ), ნ.კაჭარავა (ქემოკლიძე 84), გიგაური;
მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გოლი: 0:1 ჭაფოძე (11);
გაფრთხილება: თექთურმანიძე (48), ტატანაშვილი (62), გავაშელიშვილი (71);
არბიტრი: ჯენერი ხორავა
1 | დინამო (თბ) | 5 | 4 | 0 | 1 | 12:5 | 12 |
2 | დილა | 5 | 3 | 1 | 1 | 7:1 | 10 |
3 | სამტრედია | 5 | 3 | 1 | 1 | 7:5 | 10 |
4 | სპარტაკი | 6 | 3 | 1 | 2 | 4:5 | 10 |
5 | დინამო (ბთ) | 6 | 3 | 0 | 3 | 6:6 | 9 |
6 | მეტალურგი | 5 | 2 | 2 | 1 | 6:3 | 8 |
7 | ტორპედო | 5 | 2 | 2 | 1 | 5:3 | 8 |
8 | ზესტაფონი | 6 | 2 | 1 | 3 | 13:8 | 7 |
9 | ჩიხურა | 5 | 2 | 1 | 2 | 5:5 | 7 |
10 | შუქურა | 6 | 1 | 4 | 1 | 5:10 | 7 |
11 | ვიტ ჯორჯია | 5 | 2 | 0 | 3 | 4:3 | 6 |
12 | სიონი | 5 | 1 | 2 | 2 | 5:7 | 5 |
13 | გურია | 5 | 1 | 2 | 2 | 3:10 | 5 |
14 | მერანი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:7 | 4 |
15 | კოლხეთი | 5 | 1 | 1 | 3 | 4:8 | 4 |
16 | ზუგდიდი | 5 | 0 | 3 | 2 | 2:6 | 3 |
მეგოლეები:
3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა)
2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.