ძიუდო

13:28 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

აბუ დაბის ტატამზე 6 ქართველი გავა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აბუ დაბიში გაემგზავრა, სადაც ხვალ-ზეგ ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი - გრან-პრი გაიმართება. ქართული გუნდი ტატამზე გადახალისებული შემადგენლობით გავა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ არჩევანი ძირითადად ახალგაზრდებზე შეაჩერა, რომლებიც ამ ეტაპზე ძირითადი განაცხადის მთავარი კანდიდატები არ არიან.

ქართული დროშის ქვეშ 6 ძიუდოისტი იჭიდავებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლერი ჭელიძე მოირგებს კიმონოს. 66 კილოგრამში - ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი ქალდანი, 73-ში - ზურაბ ნოზაძე, 90-ში – პაატა ღვინიაშვილი, ხოლო მძიმე წონაში - როსტომ ხახალეიშვილი.

ჭელიძე, მარგველაშვილი, ქალდანი და ნოზაძე საქმეში ხვალ ჩაერთვებიან, ხოლო ღვინიაშვილი და ხახალეიშვილი ზეგ იჭიდავებენ.

ნაკრების ძირითად ბირთვს კი ირაკლი უზნაძე 26 ნოემბერს იაპონიაში იახლებს, სადაც 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ძიგორო კანოს მემორიალი გაიმართება, რომელსაც გრან-სლემის სტატუსი აქვს. შეჯიბრებას კი ათდღიანი ერთობლივი წვრთნები მოჰყვება და მასში ქართველი ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან.

საქართველოს ნაკრების სრული იაპონური განაცხადი ჯერ დასაზუსტებელია. გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ რამდენიმე სპორტსმენი ძიუდოს სამშობლოში მხოლოდ სავარჯიშოდ გაემგზავრება.

0.114313